ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესში

ახალი ინიციატივა ხელს უწყობს სოფლად მცხოვრები ქალების დასაქმების შესაძლებლობების ზრდას ციფრული ხელსაწყოების მეშვეობით

23 December 2020

Photo: Vladimir Valishvili/UNDP

სოფლად მცხოვრები ქალები ისარგებლებენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი ინიციატივის შედეგებით, რომლის მიზანია ელექტრონულ სერვისებზე წვდომის გაზრდა და გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვის ხელშეწყობა პანდემიაზე რეაგირებისა და შემდგომი აღდგენის პროცესში.

პროექტი განხორციელდება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობითა და UNDP-ის პანდემიაზე რეაგირების ფონდის დაფინანსებით. მისი ხანგრძლიობა 18 თვეა, ხოლო მთლიანი ბიუჯეტი 350,000 აშშ დოლარს შეადგენს.  

„პანდემიამ დააჩქარა ელექტრონულ სერვისებზე გადასვლის პროცესი როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენი მიზანია ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა, რაც სოფლად მცხოვრებ ქალებსა და დაუცველ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ ელექტრონული სერვისებითა და დასაქმების ბაზრის თანამედროვე საშუალებებით“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

პანდემიით გამოწვეული კრიზისი საქართველოში იმ დროს დაიწყო, როდესაც ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებული რეფორმები ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო. პანდემიამ საგრძნობლად დააჩქარა ელექტრონული სახელმწიფო სერვისების დანერგვა და განვითარება. დღეს, ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეებს 700-მდე სერვისი მიეწოდება, მათ შორის ისეთიც, როგორიცაა ტელემედიცინა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კომუნიკაცია.

თუმცა, ამ მომსახურებით სარგებლობა ყველას თანაბრად არ შეუძლია, რაც ასევე პანდემიის დროს გამოჩნდა.

სოციალური თუ ეკონომიკური რისკის ჯგუფში მყოფი მოსახლეობა ელექტრონული მომსახურებით ნაკლებად სარგებლობს. ციფრული უთანასწორობა შეიმჩნევა ქალაქსა და სოფელს შორის, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში. ქალაქში ინტერნეტის ყოველდღიური გამოყენების მაჩვენებელი მოსახლეობის 65 პროცენტს აღემატება, ხოლო სოფლად ნახევარსაც კი ვერ აღწევს. ქალები აქაც რისკის ჯგუფში არიან. მათ ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ინტერნეტზე და ციფრული უფსკრულიც მათზე უფრო მეტად მოქმედებს (წყარო: NDI).

ციფრული უთანასწორობა ერთ-ერთი ბარიერია, რომელიც ხელს უშლის სოფლად მცხოვრებ ქალებს სრულად ისარგებლონ სახელმწიფო სერვისებით პანდემიის პირობებში. ის ასევე ამძაფრებს იმ სტრუქტურულ გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე არსებობდა. საქართველოში ქალის საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება კაცის ანაზღაურების 64 პროცენტს არ აღემატება. 15-დან 29 წლის ასაკის ქალების 37 პროცენტი არაა ჩართული არც დასაქმებაში, არც სწავლებასა თუ ტრენინგში. ამავე ასაკის კაცებისთვის ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია - 29 პროცენტი (წყარო: UN Women).

ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, გაეროს განვითარების პროგრამა თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან. ახალი ინიციატივის ფარგლებში, UNDP ხელს შეუწყობს სოფლად მეტი შესაძლებლობების შექმნას, ელექტრონულ სერვისებზე წვდომის გაზრდას, დასაქმების პერსპექტივების გაუმჯობესებას, ქალ მეწარმეთათვის ონლაინ ბიზნეს სერვისების განვითარებასა და მოსახლეობისთვის შესაბამისი სწავლების ჩატარებას.

„ელექტრონულ სერვისებზე გადასვლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პანდემიაზე რეაგირებისთვის, არამედ ეკონომიკის თანამედროვე ინოვაციური განვითარებისთვის. ახალი პროექტი, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად ვიწყებთ, თანხვედრაშია ჩვენს პრიორიტეტებთან და ასევე სხვა ინიციატივებთან, რომელთაც საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით ვახორციელებთ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა, პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრმა.

UNDP-ის ციფრული თანასწორობის პროექტი შესრულდება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას ემსახურება და შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.   

საკონტაქტო ინფორმაცია