ენდემური ხორბალი და მწვანე სკოლები

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) ხელს უწყობენ ადგილობრივ პროექტებს, რომლებიც მწვანე ურბანულ განვითარებასა და მდგრად სოფლის მეურნეობას ემსახურება

15 July 2020

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხორციელდება მცირე ადგილობრივი პროექტები, რომლებიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებას ემსახურება.

მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივები ხელს უწყობს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, მდგრადი ფერმერობის განვითარებას, უნიკალური ლანდშაფტების დაცვას და გარემოსდაცვითი განათლების დანერგვას, რაც უშუალოდ აისახება საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.  

15 ივლისს, UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ეწვივნენ სოფელ ასურეთს, სადაც მათ მონაწილეობა მიიღეს ხორბლის ენდემური ჯიშების მოსავლის აღებაში. უნიკალური ენდემური და ადგილობრივი ჯიშების, დიკასა და შავფხას აღდგენა განხორცილდა ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების ინიციატივითა და UNDP-სა და GEF-ის დაფინანსებით.

ადგილობრივმა მწარმოებლებმა უმაღლესი ხარისხის სერტიფიცირებული სათესლე მასალა ჯერ სანერგეში მოაშენეს, ხოლო შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე გადაიტანეს და 50 ჰექტარ მიწაზე მოიყვანეს. გარდა ამისა, ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანებამ  ჩაატარა ტრენინგი და კონსულტაციები ადგილობრივი ფერმერებისთვის ქართულ ენდემურ და ადგილობრივ ჯიშებზე ინფორმაციის გავრცელებისა და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო საგანძურის დაცვის საქმეში ხორბლის მწარმოებელთა ჩართვის მიზნით.

ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და ხალხური სელექციით მიღებული ჯიშები, ლენდრასები, ცნობილია თავისი გამორჩეული გემოვნებითი და კვებითი თვისებებით, რაც ხორბლისა და პურის მწარმოებელთა მზარდ ყურადღებას იპყრობს. მათი აღდგენა, შენარჩუნება და გამრავლება შესულია საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებში, ხოლო გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი რამდენიმე სახეობა წარდგენილია იუნესკოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნომინაციაზე.

„საქართველოს სოფლის მეურნეობის ტრადიცია ათასობით წელს ითვლის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა. „დღეს ჩვენი მიზანია თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარება, რომელიც მდგრადი ფერმერობის პრინციპებს და 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებს დაეფუძნება. ამავდროულად, შესაძლებლობა გვეძლევა, ქართულ ენდემურ ხორბალს ახალი სიცოცხლე შევძინოთ, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობას წაადგება და ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს“.  

„პანდემიით, ისევე როგორც კლიმატის ცვლილებით მიყენებული ზარალი მოწმობს, რომ კაცობრიობამ ბუნების მიერ დაწესებულ საზღვრები დაარღვია“, - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა. „ჩვენი პროგრამები, მათ შორის. მცირე გრანტების პროგრამა, სწორედ ამ დარღვეული წონასწორობის აღდგენას ემსახურება და მდგრადი განვითარების მწვანე მოდელების, პარტნიორობისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობას უწყობს ხელს“.

გასულ კვირას, 10 ივლისს, UNDP-ის ხელმძღვანელმა ასევე მოინახულა UNDP-ისა და GEF-ის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტი თბილისში, სადაც სამი სკოლის ტერიტორიაზე ბავშვებისთვის სასწავლო ბაღები გაშენდა. პროექტი განხორციელდა კავშირის „ბავშვი და გარემო“ ინიციატივით შერჩეულ სკოლებთან, თბილისის მერიასთან და საბურთალოს რაიონის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით.

შედეგად 150-ზე მეტი სკოლის მოსწავლე, მათ შორის 50 ზრუნვას მოკლებული ბავშვი, უკვე სარგებლობს მწვანე სასწავლო სივრცით საკუთარი სკოლის ტერიტორიაზე, სადაც მათ როგორც დასვენება, ასევე გარემოსდაცვითი განათლების მიღება და მცენარეთა მოვლის სწავლა შეუძლიათ.

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამა საქართველოში 2012 წლიდან მოქმედებს. ამ ხნის მანძილზე, პროგრამის ფარგლებში 70-ზე მეტი ადგილობრივი გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა, ხოლო გაცემული დაფინანსების ოდენობამ 1.6 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. გარემოსდაცვით შედეგებთან ერთად, ადგილობრივი პროექტები ხელს ასევე უწყობს სიღარიბის შემცირებას, დასაქმებას, გენდერული თანასწორობის მიღწევასა და განათლებას.

საკონტაქტო ინფორმაცია

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP