თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო დღე

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის ლუიზა ვინტონის ვიდეო-მიმართვა

18 September 2020

გაეროს განვითარების პროგრამა მოხარულია, რომ 18 სექტემბერს თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღის აღნიშვნა საჭიროა იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ იმ უზარმაზარ სახელფასო სხვაობაზე, რომელიც ქალებსა და კაცებს შორის არსებობს.

მთელ მსოფლიოში საშუალოდ ქალები იმავე სამუშაოს სანაცვლოდ  კაცებისთვის გადახდილი ანაზღაურების მხოლოდ 70 პროცენტს იღებენ.

დღეს საქართველოშიც  იგივე ვითარებაა.  იმავე სამუშაოს შესრულებისთვის ქალების მიერ მიღებული ანაზღაურება კაცების ანაზღაურების მხოლოდ 68 პროცენტს შეადგენს.

საბედნიეროდ, მდგომარეობა იცვლება და აღნიშნული მაჩვენებლები ერთმანეთს თანდათან უახლოვდება. თუმცა დღეს ქალისა და კაცის საშუალო წლიური შემოსავალი ერთსა და იმავე სამუშაოს შესრულებისთვის იმდენად უთანაბროა, რომ ამ განსხვავების დაფარვას ქალები მხოლოდ შემდეგი წლის მარტის ბოლოს ახერხებენ.

საქართველოში ამ მდგომარეობის შეცვლას ნაწილობრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის მიერ „თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციის“ მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულება.

ჩვენ მივესალმებით ამ პროცესს და მოუთმენლად ველით პარლამენტში ახალი შრომის კოდექსისა და შრომის ინსპექციის შესახებ კანონში ცვლილებების დამტკიცებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ანტიდისკრიმინაციული პრინციპების გამყარებას.

ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ერთსა და იმავე სამუშაოს შესრულებისთვის ყველა თანაბარ ანაზღაურებას მიიღებს. ეს თანასწორობის პრინციპია, რომელსაც მხარს უჭერენ, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ასევე საქართველოს მთავრობა.

გვჯერა, რომ მალე დადგება დრო, როდესაც ანაზღაურება სამართლიანი და თანასწორი გახდება და ქალები და კაცები ყოველ წელიწადს დამსახურებული შემოსავლით დახურავენ.