უნივერსიტეტები და სამთავრობო უწყებები ერთად ებრძვიან კლიმატურ კატასტროფებს

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს უნივერსიტეტები კლიმატური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაში ჩაერთვებიან

10 November 2020

ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP

საქართველო წარმატებულ ნაბიჯებს დგამს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატური კატასტროფების პრევენციის მიმართულებით. ამ ძალისხმევის მხარდაჭერის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიის მთავრობა ხელს უწყობენ მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მომზადებას კატასტროფათა რისკის მართვის სფეროში.

გარემოს ეროვნული სააგენტოსა (NEA) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დღეს ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმდინარე სამუშაოებში, კერძოდ, საქართველოს მდინარეების აუზებში ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების მოდელირებასა და შესაბამისი საფრთხეების რუკების შედგენაში. აღნიშნული თანამშრომლობა გაგრძელდება 2021 წლის მანძილზე და მომავალში სხვა უმაღლეს სასწავლებლებზეც გავრცელდება.

მემორანდუმის ხელმოწერა გაიმართა 10 ნოემბერს, მსოფლიო მეცნიერების დღეს, რამაც  კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელობას ისეთი გლობალური გამოწვევების დაძლევაში, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება და პანდემია.

„მთავრობები, რომლებიც პოლიტიკის შემუშავებაში მეცნიერებას დაეყრდნობიან, მეტ წარმატებას მიაღწევენ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საქმეში“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, გაძლიერდება უნივერსიტეტებისა და სამთავრობო უწყებების თანამშრომლობა, რაც შესაძლებლობას მისცემს ქართველ მკვლევარებს, უკეთ შეისწავლონ კლიმატის ცვლილება და თავის წვლილი შეიტანონ კლიმატური კატასტროფების საფრთხის  შემცირებაში.”

„შვეიცარია მსოფლიოს იმ წამყვან ქვეყნებს შორისაა, რომელთა კლიმატური პოლიტიკა სამეცნიერო კვლევის შედეგებს ეფუძნება“, - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა დანიელ მევლიმ. „დღეს შესაძლებლობა გვაქვს, ეს გამოცდილება საქართველოს გავუზიაროთ და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობას გადაწყვეტილების მიმღებებსა და უნივერსიტეტებს შორის.“

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ჩართულია ფართომასშტაბიან პროგრამაში, რომელიც კლიმატის ცვლილებისადმი საქართველოს ადაპტაციას ემსახურება. 74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების  ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით და კლიმატის მწვანე ფონდისა და საქართველოს, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტო აფასებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების, კერძოდ, წყალდიდობის, მეწყერის, ღვარცოფის, წვიმის, ქარიშხლის, ზვავისა და გვალვის რისკებს და ამზადებს მრავალმხრივი საფრთხეების რუკებსა და რისკის პროფილებს საქართველოს თერთმეტი მდინარის აუზებისთვის - ენგური, რიონი, ჭოროხი-აჭარისწყალი, სუფსა, ნატანები, ხობისწყალი, კინტრიში, ხრამი-ხცია, ალაზანი, იორი, მტკვარი.

„კვლევის ჩატარება უმნიშვნელოვანესია ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების მოდელირებისა და რუკების შედგენისთვის. უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის შედეგად, გაფართოვდება ჩვენი საველე სამუშაოების არეალი, ხოლო სტუდენტები ჩართვებიან მონაცემების შეგროვებაში, დამუშავებასა და ანალიზში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

მონაცემების შეგროვებასა და რუკების შემუშავებაში ჩართულ სტუდენტებს უხელმძღვანელებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი, რომელშიც მრავალმხრივი რისკების შეფასების, საფრთხის რუკების შემუშავების, ჰიდრავლიკური მოდელირების, გეოგრაფიული ინფორმაციის სისტემების (GIS) და საერთაშორისო პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილების პროფესიონალები შედიან.

გარდა ამისა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული „კავკასიის მთიანი რეგიონის სამეცნიერო ქსელის“ შექმნაში, გააგრძელებს თანამშრომლობას, როგორც ქსელთან, ასევე მის სამდივნოსთან „მდგრადი კავკასია“, და ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების ადაპტაციაში უნივერსიტეტების ჩართულობის მოდელის შექმნას და ამ მოდელის შემდგომ დანერგვას სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

საკონტაქტო ინფორმაცია