ციფრული ტექნოლოგიები სახელმწიფო სერვისების მიწოდების ახალი სინამდვილეა

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველო აფართოებს მოქალაქეებისა და საჯარო მოხელეების წვდომას ელექტრონულ სერვისებზე

19 May 2020

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

ახალმა რეალობამ, რომელიც COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში შეიქმნა, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ყოველდღიური ცხოვრების სტანდარტებში. ამის გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით, ხელს უწყობს საქართველოში ადამიანზე მორგებული სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებასა და, ამ სფეროში, ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომის გაფართოებას. სახელმწიფო სერვისების მიწოდებაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება შექმნის ახალ შესაძლებლობებს, როგორც საჯარო უწყებებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის. ამ ინიციატივას გრძელვადიანი დადებითი ეფექტი კორონავირუსის კრიზისის დასრულების შემდეგაც ექნება.

პანდემიის დაწყებიდან, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალს my.gov.ge ოცდათექვსმეტი ახალი ელექტრონული სერვისი დაემატა. მოქალაქეთა პორტალი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ შეიქმნა, საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, მიიღონ მათთვის საჭირო სერვისები სახლიდან გაუსვლელად - აიღონ ბიომეტრიული პასპორტი, პირადობის მოწმობა, ქორწინების, დაბადების, გარდაცვალების ან შვილად აყვანის, სახელისა და გვარის შეცვლის მოწმობები; დაარეგისტრირონ მიწის ნაკვეთი ან ბიზნესი.

„საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია ადამიანებზე მორგებული სახელმწიფო სერვისების კულტურის დანერგვაში, რაც ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას ეყრდნობა. ამ მხრივ, საქართველო რეგიონის უდავო ლიდერია,” - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ციფრულ ტექნოლოგიებსა და ელექტრონულ მმართველობაში ჩადებულმა გრძელვადიანმა ინვესტიციებმა ხელი შეუწყო ქვეყნის წარმატებას პანდემიის გამოწვევების დაძლევაში და უზრუნველყო სახელმწიფო სერვისების ონლაინ სივრცეში გადატანა კრიზისის დროს. ელექტრონულ სერვისებზე წვდომის გაფართოების შედეგად, საქართველო დაამკვიდრებს სახელმწიფო სერვისების ‘ახალ ნორმალურს’, ანუ ახალ წესს, რომელიც პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც იმოქმედებს“.

მონაცემთა გაცვლის სააგენტომ ასევე შექმნა ელექტრონული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების ონლაინ სასწავლო პლატფორმა elearning.gov.ge, რომელის მიზანია დისტანციური სწავლების მეთოდით ხელმისაწვდომი გახადოს ელმმართველობისა და კიბერუსაფრთხოების კურსები მოსწავლეების, სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის.

სააგენტოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ გაგნიძემ აღნიშნა, რომ მონაცემთა გაცვლის სააგენტომ წარმატებით უპასუხა პანდემიის გამოწვევებს და იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ხელმისაწვდომი თითქმის ყველა სერვისი ონლაინ სივრცეში, ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (my.gov.ge) გადაიტანა. „ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ კიბერჰიგიენა და კიბერუსაფრთხოება ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდეს როგორც კრიზისის დროს, ისე მისი დასრულების შემდეგ”, - თქვა გაგნიძემ.

გარდა ამისა, UNDP-ის მხარდაჭერით, იუსტიციის სახლის წინა ხაზის 800-მდე თანამშრომელი გაივლის ონლაინ ტრენინგებს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურებისა და მომხმარებელთა შორის შესაძლო ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებისა და რეაგირების გზების შესახებ.

მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ხელშეწყობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას ემსახურება და დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის ფინანსური დახმარებით ხორციელდება.

საკონტაქტო ინფორმაცია