მეტად ხილულები, მაგრამ კვლავ მარგინალურები - იცვლება საზოგადოების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კვლევის მიხედვით, საქართველოს საზოგადოების დამოკიდებულებაში შშმ პირთა მიმართ დადებითი ცვლილებები შეიმჩნევა, თუმცა სტერეოტიპები და სტიგმა კვლავ გამოწვევად რჩება

23 October 2020

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირები საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე გარიყული და მარგინალური ჯგუფია, თუმცა მათ მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად იცვლება. ქართველები მეტ მიმღებლობას ავლენენ ფიზიკური შეზღუდვების მქონე პირების მიმართ, მაგრამ მენტალური და ინტელექტუალური შეზღუდვების მქონე ადამიანები კვლავ სტიგმას განიცდიან.

ასეთია დღეს გამოქვეყნებული კვლევის ერთ-ერთი დასკვნა, რომელიც სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით ჩაატარა. კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების წარდგენას საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციებისა და საერთაშორისო სააგენტოების წარმომადგენლებს ესწრებოდნენ.

კვლევა აჩვენებს, რომ დღეს ქართველებმა მეტი იციან შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ და თანხმდებიან, რომ შესაძლებლობები არ უნდა აფერხებდეს ადამიანის უფლებებით სარგებლობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი აღნიშნავს, რომ იცნობს შშმ პირების უფლებებს და საჭიროებებს, 59 პროცენტი კი პირადად იცნობს შშმ პირს. გამოკითხულთა ორი მესამედი თანხმდება, რომ შშმ პირებს შეუძლიათ სწავლაში ისეთივე წარმატებას მიაღწიონ, როგორც საზოგადოების სხვა წევრებს. რესპონდენტთა ნახევარი კი დარწმუნებულია, რომ შშმ პირებს დამოუკიდებლად ცხოვრება შეუძლიათ.

მეორეს მხრივ, რესპონდენტების 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ შშმ პირებზე ზრუნვა მთავრობის კეთილი ნებაა, და არა მოვალეობა, ხოლო ერთი მესამედი დარწმუნებულია, რომ შშმ პირთა უფლებები საქართველოში სრულად დაცულია.

„დიდი ცვლილებებს ვხედავ საზოგადოების დამოკიდებულებაში, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქართველებმა შშმ პირები ქველმოქმედების ობიექტებად აღარ აღიქვან და სრულად გააცნობიერონ, რომ ისინი სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც განათლებაზე, დასაქმებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე თანაბარ წვდომას იმსახურებენ“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

ღონისძიების მსვლელობაში გაიმართა დისკუსია, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე გაუძღვა. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი და სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კვლევა შშმ პირების მიმართ დამოკიდებულებას შვიდი ძირითადი სფეროს მიხედვით შეისწავლის: საზოგადოების ინფორმირებულობა, სტიგმა და სტერეოტიპები, განათლება, დასაქმება, უფლებები და პრივილეგიები, ძირითადი საჭიროებები და სოციალური ინტეგრაცია და სახელმწიფო პოლიტიკა.

კვლების შედეგები აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი მიმღებლობა ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირების მიმართ საკმაოდ მაღალია. გამოკითხულთა სამი მეოთხედი აღნიშნავს, რომ ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირთან კომფორტულად იმუშავებდა, 70 პროცენტისთვის სავსებით მისაღებია ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირის ყოფნა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე, მაგალითად, პარლამენტის წევრად.

მიმღებლობა ბევრად ნაკლებია გონებრივი და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირებისადმი. რესპონდენტთა ნახევარიც კი არ თვლის გონებრივი ან ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირები მისაღებად, როგორც თანამშრომლებს (47 პროცენტი), კარის მეზობლებს (36 პროცენტი) ან მათი შვილების თანაკლასელებს (48 პროცენტი). ნახევარზე მეტი დარწმუნებულია, რომ გონებრივი შეზღუდვის მქონე პირებს შვილები არ უნდა ჰყავდეთ.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ქართველები მთავრობისგან შშმ პირების მეტ მხარდაჭერას ელიან. რესპონდენტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ინკლუზიურ განათლებას სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში (70 პროცენტი) და ხელი შეუწყოს ინკლუზიური ინფრასტრუქტურის შექმნას (85 პროცენტი). 82 პროცენტის აზრით, უნდა გაიზარდოს სახელმწიფო დახმარება შშმ პირთა მიმართ. 72 პროცენტი თვლის, რომ შშმ პირები წარმოდგენილი უნდა იყვნენ  მმართველობის ყველა დონეზე.

შშმ პირების მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულების კვლევა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით, გაეროს ექვსი სააგენტოს ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც  შშმ პირების სოციალური დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება. ეს ერთობლივი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ფინანსდება გაეროს მდგრადი განვითარების ფონდის მიერ.  

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უკვე ათ წელზე მეტია ხელს უწყობს საქართველოში შშმ პირების უფლებების დაცვასა და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას. აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება საქართველოს  მთავრობასთან, გაეროს სააგენტოებთან და სხვა ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით.

საკონტაქტო ინფორმაცია