რა პერსპექტივები აქვს რეგიონულ ტურიზმს COVID-19-ის პირობებში?

რაჭაში გამართულმა ფორუმმა პანდემიის დროს სფეროს გადარჩენისა და შემდგომი განვითარების გზებზე იმსჯელა

25 August 2020

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

200-ზე მეტმა ადგილობრივმა მეწარმემ, ტურიზმის სფეროს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ამბროლაურში გამართულ რეგიონული ტურიზმის ფორუმში. ღონისძიების მონაწილეებმა დასავლეთ საქართველოში პანდემიის პირობებში ტურიზმის სფეროს განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

“ტურიზმი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, - განაცხადა მდგრადი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა. „ფორუმმა მოგვცა შესაძლებლობა გვემსჯელა ამ მხრივ რეგიონში არსებული უპირატესობებისა და საჭიროებების შესახებ და ის ახალი შესაძლებლობები გამოგვეკვეთა, რომლებიც პანდემიის დროს გაჩნდა, მაგალითად, აგრო-ტურიზმის მიმართულებით“.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ რეგიონის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობადა  ვიზიტორების მიმზიდველობის კუთხით მთავარ უპირატესობად უნდა ჩაითვალოს და შეთანხმდნენ იმაზეც, რომ აუცილებელია ტურისტების მომსახურეობის არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

“საქართველოში პანდემიამ ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო დააზარალა“, - განაცხადა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ. „ეკონომიკური პროექტების დაფინანსებით გაეროს განვითარების პროგრამა პარტნიორებთან ერთად ხელს უწყობს ადგილობრივ მოსახლეობას ეს სფერო ‘უკეთესად აღადგინოს’“.

სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა დანიელ მევლიმ ხაზი გაუსვა შვეიცარიის მიერ გაწეულ გრძელვადიან დახმარებას საქართველოს რეგიონული და ადგილობრივი განვითარების კუთხით. “2012 წლიდან, შვეიცარიის მთავრობა საქართველოს რეგიონებში კარგი მმართველობის დანერგვას, ეკონომიკურ განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა დანიელ მევლიმ. “პანდემიამ ბევრი სექტორი დააზარალა, განსაკუთრებით კი ტურიზმი, რომელიც საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ღერძია. მოხარული ვარ, რომ დღევანდელ ფორუმს ვუჭერთ მხარს და ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა წაახალისებს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას ამ პროცესში.“

ფორუმი ჩატარდა „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ და „რაჭის განვითარების ინიციატივის“ ორგანიზებით. შეხვედრის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა  (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა.

გამომსვლელებს შორის ასევე იყვნენ “ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ხუხუა, და სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში გიორგი მაქარაშვილი.

ტურიზმის სფეროში არსებული პერსპექტივებისა და გამოწვევების განხილვის გარდა, ფორუმზე ადგილობრივი ტურიზმის, განსაკუთრებით კი აგრო-ტურიზმის პოპულარიზაციის გზებზეც იმსჯელეს. შეხვედრის მსვლელობისას გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე რეგიონის მეწარმეებს ხელნაკეთი ნივთების წარმოჩენის და ტურიზმის სფეროში სერვისების მიმწოდებლებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცათ.

საკონტაქტო ინფორმაცია