საქართველოს რეგიონების მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა COVID-19-ის შესახებ

UNDP, შვეიცარია, ავსტრია და დანია ხელს უწყობენ ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეთა თანამშრომლობას პანდემიასთან ბრძოლაში

16 April 2020

ფოტოს ავტორი: Action Global Communication/UNDP

საქართველოს რეგიონებში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იწყებს მუნიციპალიტეტების ხელშეწყობას პანდემიისთვის მომზადებისა და მოქალაქეთა ინფორმირების საქმეში.

UNDP-ის დახმარებით უკვე გამოიცა და გავრცელდა 30,000 საინფორმაციო ლიფლეტი და პოსტერი, ასევე დამზადდა სოციალური დისტანცირების აღმნიშვნელი სტიკერები. საინფორმაციო მასალები გავრცელდა საქართველოს შვიდ მუნიციპალიტეტში - მცხეთაში, ზუგდიდში, თეთრიწყაროში, მაღალმთიან ამბროლაურსა და ონში, და ასევე ლენტეხსა და ცაგერში, რომლებიც 10 აპრილს კორონავირუსით დაინფიცირების მრავალრიცხოვანი შემთხვევების დადასტურების შემდეგ მკაცრ კარანტინში აღმოჩნდნენ. საინფორმაციო მასალების გავრცელებაში ჩართულები არიან ადგილობრივი საჯარო მოხელეები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც პანდემიის შესაჩერებლად ერთად მუშაობენ.

„კორონავირუსის პანდემია უპრეცედენტო საფრთხეა, ჩვენი მდგრადობისა და სოლიდარობის არნახული გამოცდა“, - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „საქართველოს რეგიონებში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია აქტიური თანამშრომლობა მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მხოლოდ ასე შევძლებთ, გავუმკლავდეთ ვირუსს და სრული ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა ადამიანს, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს“.   

საქართველოს რეგიონებში ინფორმაციის გავრცელება პანდემიასთან დაკავშირებული დახმარების ნაწილია, რომელსაც UNDP საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით და შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების მხარდაჭერით ახორციელებს.

ამავე დახმარების ფარგლებში გამოიცა 35,000 საინფორმაციო ლიფლეტი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, საინფორმაციო მასალები გავრელდა კარანტინში მყოფ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, შეიქმნა COVID-19-ის ოფიცილური საინფორმაციო ვებ-გვერდის StopCov.ge სომხურენოვანი ვერსია.

UNDP-ის ხელშეწყობით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საქართველოს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფაში, აღიჭურვა 18,000 აშშ დოლარის ღირებულების პირადი დაცვის საშუალებებით - ნიღბებით, ხელთათმანებითა და სადეზინფექციო ხსნარებით. ამ ზომების მეშვეობით უკეთ იქნება დაცული კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება.

პანდემიის პირველივე დღეებში UNDP-იმ სწრაფი რეაგირება მოახდინა საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე. UNDP-ის სწრაფი რეაგირების მიზანია პანდემიით გამოწვეული საჭიროებების გამოვლენა როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე და შესაბამისი დახმარების გაწევა.

საქართველოს მთავრობასთან, საერთაშორისო დონორებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პრობებში UNDP ხელს უწყობს ვირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს შორის, რომელთა რიცხვში შედიან მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლები, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.        

საქართველოს მუნიციპალიტეტების დახმარება შესაძლებელი გახდა UNDP-ის ორი მიმდინარე პროგრამის - რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა და საქართველოში დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა - სწრაფი გადახედვისა და არსებულ ვითარებაზე მორგების შედეგად. აღნიშნული პროგრამები ხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (ADC) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით.    

საკონტაქტო ინფორმაცია