ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა დამცავ აღჭურვილობას გადასცემენ პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ სამედიცინო პერსონალს

7,500 სახის დამცავი ფარი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადაეცემა

14 May 2020

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

დღეს ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 7,500 სახის დამცავი ფარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადასცეს.

UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარების კოორდინატორი დომინიკ პაპენჰაიმი ცენტრის თბილისის წარმომადგენლობას ეწვივნენ და მის დირექტორს ავთანდილ თალაკვაძეს შეხვდნენ. დამცავი ფარების გადაცემის შემდეგ მათ საქართველოში COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაზე და წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალის ხელშეწყობაზე ისაუბრეს.

მრავალჯერადი გამოყენების სახის დამცავი ფარები წარმოებულია საქართველოში გადამუშავებული პლასტიკური ბოთლებისგან ქართული კომპანიის CaucasPack მიერ ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით. ამ აღჭურვილობის მეშვეობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში უკეთ იქნებიან დაცული კორონავირუსის საფრთხისგან მათი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელშეწყობა უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც მედიკოსების, საჯარო მოხელეებისა და სხვა საკვანძო პერსონალის დახმარებას ისახავს მიზნად.

ამ მხარდაჭერის ფარგლებში აპრილსა და მაისში უკვე დამზადდა 40,000-ზე მეტი სახის დამცავი ფარი, რომლებიც ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის და შვეიცარიის, ავსტრიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობების ხელშეწყობით თბილისსა და საქართველოს მუნიციპალიტეტებში დარიგდება. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება აფხაზეთზეც ვრცელდება, სადაც UNDP, ევროკავშირთან და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად, დამცავ ფარებსა და სხვა სამედიცინო საშუალებებს დაარიგებს.

საკონტაქტო ინფორმაცია: