პანდემიის დროს გაეროს განვითარების პროგრამა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება

იძულებით გადაადგილებულ პირებისა და ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებების მხარდაჭერა

30 June 2020

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

პანდემიაზე რეაგირების ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება. UNDP-ის ხელშეწყობა ვრცელდება დევნილთა კოლექტიურ ცენტრებზე და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებსაც UNDP აღჭურვილობითა და მასალებით ამარაგებს.

UNDP-ის დახმარება, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 270,000 აშშ დოლარს შეადგენს, ფინანსდება UNDP-ის სწრაფი რეაგირების გლობალური ფონდიდან, რომელიც პანდემიის პირველივე დღეებში შეიქმნა. ფონდის მიზანია მსოფლიოს ქვეყნების მხარდაჭერა პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვაში და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგების აღმოფხვრაში.

26 ივნისს UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი შიდა ქართლის რეგიონს ეწვია, სადაც მან 300 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი, 300 ლიტრი ხელის სადეზინფექციო საშუალება, 4,000 ქირურგიული პირბადე და 1,200 ერთჯერადი სამედიცინო ხალათი რეგიონის გუბერნატორს გიორგი ხოჯევანიშვილს გადასცა. სამედიცინო საშუალებები განკუთვნილია კონფლიქტის გამყოფის ხაზის გასწვრივ განლაგებული სამედიცინო დაწესებულებებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, ლუიზა ვინტონმა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“ ხელმძღვანელთან, ნუკრი მილორავასთან ერთად ასევე მოინახულა დევნილთა კოლექტიური ცენტრი გორში, მოხუცებულთა თავშესაფარი სოფელ ხურვალეთში და სამედიცინო კლინიკა სოფელ ნიქოზში. საკვები პროდუქტები გადაეცა ეკონომიკურად დაუცველ დევნილთა ოჯახებს.

„ჩვენი მიზანია მოწყვლადი მოსახლეობის დაცვა COVID-19-გან, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ გამოწვევები, რომლებსაც ეს ადამიანები ყოველდღიურად უმკლავდებიან, მიმდინარე კრიზისის ფარგლებს სცილდება და უფრო გრძელვადიან მიდგომებს საჭიროებს“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა. „კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილთა ოჯახები სოციალური იზოლაციისა და მარგინალიზაციის მუდმივ საფრთხეს განიცდიან. ამის გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამა, ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ხელს შეუწყობს მათთვის უფრო ჰუმანური და თანასწორი გადაწყვეტილებების მოძიებას“.

UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დახმარებას უწევს კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ 4,000 დევნილს. პროექტის ხელშეწყობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განლაგებულ 100 კოლექტიურ ცენტრზე ვრცელდება.

აღნიშნული დახმარების ფარგლებში, დევნილთა კოლექტიური ცენტრები აღიჭურვა პირადი დაცვის სანიტარული საშუალებებით, ნიღბებითა და სანიტაიზერებით, შიდა და გარე ტერიტორია დამუშავდა სადეზინფექციო ხსნარებით, დევნილებმა მიიღეს სრული ინფორმაცია კორონავირუსისგან დაცვის გზების შესახებ. გარდა ამისა, კოლექტიური ცენტრების მაცხოვრებლებს რეგულარულად გადაეცემა საკვები პროდუქტები, ხოლო უკიდურესად გაჭირვებული მარტოხელა ხანდაზმულებისთვის გათვალისწინებულია შინზრუნვის მომსახურება.

25 მაისს გაეროს განვითარების პროგრამამ და საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთი“ მოინახულეს დევნილთა კოლექტიური ცენტრი „ვექტორი“ ზუგდიდში და საავადმყოფო რუხში, რომელსაც UNDP-მ პულსის ოქსიმეტრები, ციფრული თერმომეტრები და სადეზინფექციო ხსნარები გადასცა. რუხის საავადმყოფო COVID-19-ის სამკურნალოდ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრია, რომელიც წელს გაიხსნა და კონფლიქტის გამყოფი ხაზის მახლობლად მდებარეობს. UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა რუხის საავადმყოფოს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან, ნინო ვიბლიანთან ერთად ეწვია.

კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა ხორციელდება კორონავირუსის პანდემიაზე UNDP-ის უფრო ფართო რეაგირების ფარგლებში, რომლის მიზანია მზაობის, რეაგირებისა და აღდგენის ხელშეწყობა. UNDP-ის დახმარება ეფუძნება ორგანიზაციის მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებას სიღარიბესთან ბრძოლის, უთანასწორობის შემცირებისა და კრიზისისა და შოკისადმი მედეგობის შექმნის საქმეში.  

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP