პანდემიამ მოწყვლად მოსახლეობაზე ზრუნვის აუცილებლობა გამოავლინა

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერა ხანდაზმულებსა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს შინმოვლის სერვისით უზრუნველყოფს

8 June 2020

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შერბილების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაუცველი მოსახლეობის ხელშეწყობა, რაც ვირუსის ხელმეორედ გავრცელების პრევენციისა და ეკონომიკის აღდგენის წინაპირობას წარმოადგენს.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით დაიწყო, შინმოვლა და სხვა სახის სერვისები მიეწოდება მაღალი რისკის ქვეშ მყოფ 4,000 მარტოხელა მოხუცს, ქრონიკული დაავადებებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირს და თვითიზოლაციაში მყოფ დამატებითი საჭიროებების მქონე ადამიანს თბილისსა და რეგიონებში.

ინიციატივას განახორციელებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, თბილისის მერიასთან და 29 მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი  60,000 აშშ დოლარს შეადგენს.

“პანდემიაზე საქართველოს რეაგირებამ ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა“, - განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტმა. „პანდემიამ გვასწავლა, რომ ვირუსი ყველაზე მოქმედებს, თუმცა ზოგიერთი ადამიანი ამ მხრივ განსაკუთრებით დაუცველია. გაერთიანებული სამეფო მოხარულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ადგილობრივ ხელისუფლებასა და წითელი ჯვრის საზოგადოებას და შინმოვლა უზრუნველყოს მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ეს მომსახურება უკეთესობისკენ შეცვლის ბევრი ადამიანის ცხოვრებას“.

„საქართველომ კარგად გაართვა თავი ხანდაზმულთა და მოწყვლადი მოსახლეობის დაცვას პანდემიის დროს“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა. „თუმცა ახლა, როდესაც ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების აღდგენა იწყება, ამ მხრივ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. ჩვენი ახალი ინიციატივით ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფ მოსახელეობას ვეხმარებით და, ამავდროულად, ხაზს ვუსმევთ, რომ ზრუნვის მომსახურების გაწევა აუცილებელია პანდემიის დასრულების შემდეგაც“.

2013 წელს საქართველოს მთავრობამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაიწყო, რომლის მიზანია მოქალაქეების უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებით. ხანდაზმული და განსაკუთრებული საჭიროებებს მქონე მოსახლეობის გრძელვადიანი შინმოვლის სერვისი ამ პროგრამით გათვალისწინებული არაა და ამ ფუნქციას უმეტესწილად არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებდნენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, დღეს საქართველოში 772,300 პენსიონერია რეგისტრირებული. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციის თანახმად, მათ უმეტესობას სახლის პირობებში მოვლა სჭირდება, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ მოთხოვნის მხოლოდ 15 პროცენტის დაკმაყოფილება შეუძლიათ. თბილისი ერთადერთი ქალაქია, სადაც შინმოვლის სერვისს ნაწილობრივ მუნიციპალური სერვისების მიმწოდებლები განახორციელებენ. მაგრამ აქაც პროფესიული შინმოვლის საჭიროების მქონე 20,000 ადამიანიდან აღნიშნულ მომსახურებას მხოლოდ 1,200 იღებს.

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინიციატივა 4,000 ბენეფიციარს თბილისში და 29 მუნიციპალიტეტში პროფესიული და არაფორმალური შინმოვლის სერვისით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აამოქმედებს ონლაინ სასწავლო პლატფორმას, რომლის მეშვეობით შინმოვლის პერსონალი, მოხალისეები და არაფორმალური მომვლელები პროფესიული და  არაფორმალური შინმოვლის ცოდნასა და უნარებს შეიძენენ.

შინმოვლის სერვისების დანერგვის ხელშეწყობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას ემსახურება და დიდი ბრიტანეთის ფინანსური დახმარებით ხორციელდება. 

საკონტაქტო ინფორმაცია