ზრუნვის ეკონომიკის პრინციპების დანერგვა საქართველოში

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ჩეხი ექსპერტები პანდემიის გამოწვევებთან გამკლავების ეკონომიკურ და სოციალურ გზებს განიხილავენ

22 October 2020

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

დღეს გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ჩეხი მკვლევარების მრგვალი მაგიდა, რომლის ძირითად თემას „ზრუნვის ეკონომიკა“ წარმოადგენდა - სოციო-ეკონომიკური კონცეფცია, რომლის მიზანია ეკონომიკური ზრდის მიღწევა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ზრუნვის სერვისებში ინვესტირების გზით, რაც საქართველოში ჯერ კიდევ ქალთა არაანაზღაურებადი შრომის ფასად ხორციელდება. მრგვალი მაგიდა შედგა ჩეხეთისა და UNDP-ის პარტნიორობის ფარგლებში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად (Czech-UNDP Partnership for SDGs).  

„ზრუნვის ეკონომიკა საკმაოდ მისაღები მოდელი უნდა იყოს საქართველოსთვის, რადგან ეს მიდგომა სამმაგი სიკეთის მიღების შესაძლებლობას იძლევა - მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვის გაუმჯობესება, ქალთა დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნა და ქალთა გათავისუფლება არაანაზღაურებადი შრომის ტვირთისგან, რაც ხშირად ხელს უშლის მათ პროფესიულ წინსვლას“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

მრგვალი მაგიდის მსვლელობაში მოხსენებებით გამოვიდნენ ჩეხი ექსპერტები, რომლებიც UNDP-თან თანამშრომლობით ხელს უწყობენ ზრუნვის ეკონომიკის განვითარებას საქართველოში.

იან რიკოვსკიმ ისაუბრა სათემო დღის ცენტრებზე, სადაც მუდმივი ზრუნვის საჭიროების მქონე ადამიანები, მაგალითად ხანდაზმულები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შესაბამის მომსახურებას მიიღებენ. ექსპერტის მიერ აღწერილი მიდგომა ხაზს უსვამს თემის როლს მსგავსი სერვისის დაგეგმვასა და განხორციელებაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სერვისით მოსარგებლეთა ინტერესების გათვალისწინებისთვის. სწორედ ამ მოდელის საფუძველზე შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი დღის ცენტრი ხობში, სამეგრელოს  რეგიონში, რომელიც ამჟამად UNDP-ის ხელშეწყობით მოქმედებს.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს იანა ვალკოვას მიერ წარმოდგენილ კვლევაზე, რომელშიც ადრეული ასაკის ბავშვებსა და ხანდაზმულებზე ზრუნვის მაგალითზე შეფასებულია საქართველოში ამჟამად მოქმედი ზრუნვის სისტემა. ვალკოვას კვლევაში ასახულია რეკომენდაციები ზრუნვის სერვისების გაუმჯობესებისა და ზრუნვის ეკონომიკის პრინციპების დაცვის შესახებ. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქმედი ზრუნვის სისტემა არ ითვალისწინებს რამდენიმე საკვანძო სერვისს, მაგალითად განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ხანდაზმულებზე ზრუნვას, რაც საკმაოდ მძაფრად გამოვლინდა კორონავირუსის პანდემიის დროს.

კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით, UNDP შეიმუშავებს პროფესიული განათლების პროგრამას შინზრუნვის მუშაკებისთვის, რაც უზრუნველყოფს მათი განათლების შესაბამისობას შინზრუნვის მინიმალურ პროფესიულ სტანდარტებთან.

საქართველოში ქალთა არაანაზღაურებადი საოჯახო საქმიანობა ხელს უშლის მათ თანასწორ მონაწილეობას ქვეყნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ქალების 70 პროცენტის აზრით, ბავშვებზე ზრუნვა სწორედ მათი მოვალეობაა. გამოკითხული ქალების 90 პროცენტი ასევე ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას იღებს ისეთ ყოველდღიურ საოჯახო საქმეზე, როგორიცაა საჭმლის მომზადება და სახლის დალაგება. ოჯახში შრომის ეს არაპროპორციული განაწილება კიდევ უფრო გამძაფრდა პანდემიის დროს. ჩეხი ექსპერტების რეკომენდაციები ხელს შეუწყობს ისეთი პოლიტიკისა და სერვისების განვითარებას, რომელიც საოჯახო საქმიანობაში თანასწორობის დაცვას დაეხმარება, ხოლო ქალებს არაანაზღაურებადი შრომის ტვირთისგან გაათავისუფლებს.

ჩეხეთისა და UNDP-ის პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ჩეხეთის გამოცდილებასა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს პარტნიორ ქვეყნებს. საქართველოში ეს პარტნიორობა ასევე მიზნად ისახავს მკვლევარებისა და პრაქტიკული დარგების წარმომადგენლების ქსელის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შექმნას და UNDP-ის მრავალმხრივი საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებას პანდემიის შედეგების დასაძლევად.

„მოხარულები ვართ, მხარი დავუჭიროთ მკვლევარებს, რომელთა საქმიანობა ემსახურება მტკიცებულებაზე დაფუძნებული, ეფექტიანი და მდგრადი გადაწყვეტილებების მოძიებას კორონავირუსის პანდემიის შედეგების დასაძლევად. ასევე სასიხარულოა, რომ ჩვენი თანამშრომლობის შედეგად, UNDP-ის საქმიანობაში ჩართულ პროფესიონალთა მსოფლიო ქსელში მეტ ჩეხი მკვლევარსა და ექსპერტს ვიხილავთ“, - აღნიშნა ჩეხეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იან ჩერნიკმა.

საქართველოში აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას და გენდერული თანასწორობის მიღწევას ემსახურება.

საკონტაქტო ინფორმაცია: