პროფესიული განათლების ახალი ინიციატივები - სოფლის მეურნეობის სფეროში უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობა

UNDP-სა და შვეიცარიის მთავრობის პარტნიორობა ეხმარება პროფესიულ კოლეჯებს უკეთ დააკმაყოფილონ გაზრდილი მოთხოვნა ისეთი წამყვანი დარგების მიმართ, როგორიცაა მეჩაიეობა და მესაქონლეობა

26 February 2020

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

2020 წლის 25 და 26 თებერვალს ოზურგეთსა და ხულოში მეჩაიეობისა და ვეტერინარიის სპეციალობის 30 პროფესიული განათლების მასწავლებლის სატრენინგო პროგრამის დასრულების ცერემონია გაიმართა. სოფლის მეურნეობას სჭირდება პროფესიონალები, რომელთაც სპეციალიზებული განათლება ექნებათ მიღებული, განათლების სისტემამ კი უნდა უზრუნველყოს ამ საჭიროების დაკმაყოფილება, რაც არის სწორედ ამ პროგრამის მიზანი. ტრენინგის კურსდამთავრებულთა ეს პირველი ნაკადი პროფესიული განათლების და გადამზადების (VET) საპილოტე პროგრამაში მონაწილეობდა, რომელიც გურიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიულ კოლეჯებში 2019 წლის სექტემბრიდან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

ამჟამად ოზურგეთის კოლეჯი „ჰორიზონტი“ და კოლეჯი „ახალი ტალღა“ ხულოში აკრედიტაციას გადიან, რომლის დასრულების შემდეგაც ისინი მთავრობის მიერ დაფინანსებულ სატრენინგო კურსებს ოფიციალურად ჩაატარებენ და იმ მაღალმოთხოვნადი პროფესიების განვითარებას შეუწყობენ ხელს, რომლებიც სოფლად მოღვაწე კერძო ბიზნესს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პოტენციალის რეალიზაციისთვის სჭირდება.

„სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდა სოფლად სიღარიბის შემცირების აუცილებელი წინაპირობაა,“ განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა. „ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება კი თავის მხრივ პროდუქტიულობის გაზრდას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანია, ჩვენს პარტნიორებს დავეხმაროთ აღმავალი სექტორის განვითარებისთვის აუცილებელი ცოდნის განმტკიცებაში და სოფლის კეთილდღეობისთვის საჭირო  გზების დასახვაში.“

მაგალითად, გურიაში, სადაც ერთ დროს  ჩაის წარმოება ჰყვაოდა, არსებობდა ამ დარგის აღორძინების ამბიციური გეგმა, რომლის განხორციელებაც უპერსპექტივო გახადა იმ მდგომარეობამ, რომელიც ჩაის წარმოების და დამუშავების შესაბამისი ცოდნის მქონე ადგილობრივი კადრის ნაკლებობამ შექმნა. 21 კურსდამთავრებული, რომლებსაც ოზურგეთში სერტიფიკატები გადაეცათ, რეგიონს ამ სირთულის გადალახვაში დაეხმარებიან ადგილობრივი ფერმერების და მწარმოებლების დატრენინგების გზით.

განსხვავებული სურათია ხულოში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის არსებობის მთავარი წყარო მესაქონლეობაა. მაგრამ ამ სფეროს  პროდუქტიულობას საფრთხეში აგდებს საქონლის სხვადასხვა დაავადება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას მთიან ადგილებში, სადაც ვეტერინარის მომსახურებაზე წვდომა ნაკლებია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, კოლეჯში საქონლის დაავადებათა დიაგნოსტიკაში ჯერჯერობით ათი უმცროსი ვეტერინარი გადამზადდა.

„მომზადებისა და გადამზადების პროგრამები მთავრობის ახალი ინიციატივაა, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნების მოკლე ვადაში დაკმაყოფილების საუკეთესო საშუალებაა,“ აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა.

„პროფესიული განათლების და გადამზადების ახალი მოდელის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და შემოსავლის გაზრდა, რასაც პირდაპირი ზემოქმედება ექნება სოფლად მცხოვრებ ადამიანებზე,“ აღნიშნა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

„შვეიცარიის გამოცდილება საქართველოს დაეხმარება პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებაში, განსაკუთრებით VET პროგრამის მიმწოდებლებსა და კერძო სექტორს შორის ეფექტური პარტნიორობის დამყარებაში,“ აღნიშნა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ეკონომიკური პროგრამების კოორდინატორმა, ბექა თაგაურმა

საპილოტე პროექტები კოლეჯებთან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის მთავრობის ერთობლივი დიდმასშტაბიანი პროგრამის "პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში" ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, პროფესიულ კოლეჯებთან, ფერმერთა საჯარო და კერძო საკონსულტაციო ცენტრებთან, უნივერსიტეტებთან და სოფლის თემებთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2022 წლამდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში უკვე 12,000-ს სოფლად მცხოვრებ ადამიანს ჩაუტარდა ტრენინგი და საკონსულტაციო მომსახურება.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • თეიკო კანდელაკი, UNDP საქართველო, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
  • ეკატერინე ყვავაძე, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, +995 599 952954eka.kvavadze@eda.admin.ch
  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge
  • ნინო უგრეხელიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, +995558217712nugrekhelidze@mes.gov.ge