პროფესიული განათლება და გადამზადება დასაქმების შესაძლებლობას აძლევს დაბალი შემოსავლის მქონე ახალგაზრდებს

სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის პირველი კვლევა საქართველოში წარადგენს რეკომენდაციებს პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამებისადმი ინტერესის გაზრდის შესახებ

4 June 2020

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ეკონომიკურად და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამების კურსდამთავრებულთა მესამედზე მეტს შეადგენენ. ამავე ჯგუფის სტუდენტები ხშირად, სხვადასხვა მიზეზის გამო, არ ასრულებენ პროფესიულ განათლებას და დროზე ადრე ტოვებენ კოლეჯს. თუმცა, ეკონომიკურად და სოციალურად მოწყვლადი კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი ასევე მაღალია.

კვლევაში პროფესიული განათლებისა და გადამზადების სტუდენტები პირობითად დაყოფილია სამ ჯგუფად - მაღალი, საშუალო და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე სტუდენტებად. ასეთ დაყოფას საფუძვლად უდევს სტუდენტებს სუბიექტური თვითშეფასება და მათ პირად და ოჯახის შემოსავლებთან დაკავშირებული ობიექტური მონაცემები. დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე სტუდენტების 42 პროცენტი არ ასრულებს პროფესიულ განათლებას, რაც დანარჩენი ორი ჯგუფის მაჩვენებელს აღემატება. თუმცა, განათლების დასრულების შემთხვევაში, მათი 55 პროცენტი იწყებს სამსახურს მიღებული კვალიფიკაციის მიხედვით, რაც ასევე მაღალია სხვა ჯგუფების მაჩვენებელზე.

„სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის შესწავლა და ანალიზი მნიშვნელოვანია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის რეფორმის წარმატებისთვის“, - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ. „კვლევის შედეგები საფუძვლად დაედება სტუდენტების ჩარიცხვის წესში ცვლილებების შემოღებას და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების სტიმულირების სისტემის დანერგვას, რის შედეგად გაიზრდება პროფესიული განათლების ეფექტიანობა, მისაწვდომობა და ინკლუზიურობა.“

კვლევის შედეგებმა და მასში მოყვანილმა რეკომენდაციებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა პროფესიული განათლების ექსპერტების მხრიდან, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საკმაოდ მაღალია იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც არ არიან ჩართული განათლებაში, ტრენინგსა და დასაქმებაში (NEETs). ამჟამად ეს მონაცემი 31 პროცენტს აღწევს, რაც ასეთი ახალგაზრდების მარგინალიზაციის მაღალ რისკზე მიუთითებს. პროფესიული განათლებისა და გადამზადების გაუმჯობესება არა მხოლოდ ამ რისკებს შეამცირებს, არამედ მნიშვნელოვან სარგებელ მოუტანს საქართველოს ეკონომიკას.

„ხარისხიანი განათლება მდგრადი განვითარების ცენტრალური შემადგენელია, რადგან ის მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ არავინ დარჩეს განვითარების მიღმა“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „პროფესიულმა განათლებამ და გადამზადებამ შეიძლება განვითარების გზა გაუხსნას ბევრ ქართველ ახალგაზრდას“.

„შვეიცარია საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის რეფორმის საქმეში, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული განათლების მხრივ“, - აღნიშნა შვეიცარიის თანამშრომლობის რეგიონულმა ხელმძღვანელმა დანიელ მევლიმ. „საერთაშორისო დახმარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის განხორცილება სანდო მონაცემებსა და  კვლევას დაეყრდნოს“.

კვლევა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ (UNDP), საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ხელშეწყობით. ეს საქართველოში პირველი კვლევაა, რომელშიც შესწავლილია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და გაანალიზებულია პროფესიული განათლებისა და გადამზადების მიმართება დასაქმებასა და შრომის ბაზართან.

სხვა მიგნებებთან ერთად, კვლევაში შესულია რეკომენდაციები პროფესიული განათლებისა და გადამზადების ინკლუზიურობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის შესახებ. კვლევის მონაცემების მიხედვით, 2019 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები პროფესიული სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულთა მხოლოდ 4.9 პროცენტს შეადგენდნენ.

კვლევა ჩაატარა ქართულმა კვლევითმა კომპანიამ „ეისითი“, საქართველოს მთავრობის მიერ მოწოდებული მონაცემთა ბაზების ანალიზისა და პროფესიული განათლების 1,000 შემთხვევით შერჩეული სტუდენტის სატელეფონო გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თეიკო კანდელაკი, UNDP in Georgia, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
  • ეკატერინე ყვავაძე, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, +995 599 952 954, eka.kvavadze@eda.admin.ch
  • ნინო უგრეხელიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, +995 558 217712, nugrekhelidze@mes.gov.ge