პროფესიული კოლეჯების ხელშეწყობა პანდემიით გამოწვეული შოკიდან გამოსვლაში

UNDP და შვეიცარია მხარს უჭერენ ფერმერთა პროფესიული სწავლებისა და გადამზადების აღდგენასა და გაფართოებას

8 June 2020

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიის მთავრობა ხელს უწყობენ საქართველოს სოფლის ეკონომიკას, დაძლიოს პანდემიით გამოწვეული შოკი. ამ მიზნით, UNDP და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) თანამშრომლობენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და მხარს უჭერენ ფერმერთა პროფესიული სწავლებისა და გადამზადების აღდგენას, რომელიც პანდემიის ფონზე შემოღებული შეზღუდვების გამო შეჩერდა.

აღნიშნული დახმარება ეყრდნობა შვეიცარიის მთავრობის 400,000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებას და UNDP-ის მრავალწლიან გამოცდილებას პროფესიული განათლებისა და გადამზადების განვითარების საქმეში.

„COVID-19-ის პანდემიამ მძიმედ აზარალა ყველა სექტორი, მათ შორის, პროფესიული განათლება და გადამზადება, რაც მოქნილ და მყისიერ რეაგირებას მოითხოვს“, - განაცხადა შვეიცარიის თანამშრომლობის რეგიონულმა ხელმძღვანელმა დანიელ მევლიმ. „წარმოქმნილი საჭიროებების გათვალისწინებით, შვეიცარიამ დამატებითი სახსრების მობილიზება მოახდინა. ამ დამატებითი დაფინანსების მეშვეობით ჩვენ დავეხმარებით საქართველოს რეგიონებში მოქმედ კოლეჯებს, რათა მათ რაც შეიძლება მალე აღადგინონ სასწავლო პროცესი“.

„პროფესიული სწავლებისა და გადამზადების აღდგენა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საქართველოს ეკონომიკის გამოსვლისთვის კორონავირუსით გამოწვეული შოკიდან“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „პროფესიული სწავლებისა და გადამზადების დროული ამოქმედება სოფლად დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის, ხოლო ფერმერებს ეკონომიკურ კრიზისის დაძლევაში დაეხმარება“.

UNDP-სა და შვეიცარიის დახმარებით, 1,000-ზე მეტი ფერმერი გაივლის მოკლევადიან სასწავლო პროგრამებსა და გადამზადებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ფერმის მართვა, ჩაისა და ყველის წარმოება, მემცენარეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მცენარეთა დაცვა, მეღვინეობა და მეფრინველეობა. დახმარებას მიიღებს 10 კოლეჯი და სასწავლო ცენტრი სასოფლო-სამეურნეო სასწავლო პროგრამებით საქართველოს ცხრა რეგიონში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.   

გარდა ამისა, UNDP და SDC პირდაპირ დახმარებას გაუწევენ ექვს კოლეჯს ბათუმში, ფოთში, მესტიაში, ჯვარში, ზუგდიდსა და მცხეთაში, რათა მათ შეძლონ სრულფასოვანი მომზადება ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის და, გაზაფხულზე გაუქმებული ჩარიცხვის გათვალისწინებით, სტუდენტების გაორმაგებული რაოდენობა მიიღონ.

პროფესიული კოლეჯების ხელშეწყობა UNDP-სა და შვეიცარიის მთავრობის უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოში პროფესიული განათლებისა და გადამზადების გამართული და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული სისტემის განვითარებას ემსახურება.     

საკონტაქტო ინფორმაცია