საქართველომ პოლიტიკის დაგეგმვის განახლებული მიდგომა წარადგინა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ პოლიტიკის შემუშავების ახალი სისტემა წარადგინა, რომელიც მთავრობის ერთიან მიდგომაზეა დაფუძნებული და რომლითაც საჯარო კონსულტაციების ჩატარება სავალდებულო გახდება

28 February 2020

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

“დღეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა დაიბადა.” ასე აღწერა ამერიკელმა ექსპერტმა, დევიდ ჯონსონმა პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემა, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 2020 წლის დასაწყისში დაამტკიცა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით შემუშავებული ახალი მიდგომის წარდგენა 2020 წლის 28 თებერვალს გაიმართა.

როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, განახლებული სისტემა გამორჩეულია არა მხოლოდ რეგიონის მასშტაბით, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავს სისტემებს შორის. მარკ ვან დენ მუიზენბერკმა, პოლიტიკის დაგეგმვის საერთაშორისო ექსპერტმა, „პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების“ ოფიციალურ პუბლიკაციასთან დაკავშირებით აღნიშნა: „ვისურვებდი, რომ ჩემს მთავრობასაც ჰქონდეს ასეთი სახელმძღვანელო“. პუბლიკაცია შემუშავებულია საქართველოს საჯარო მოხელეებისთვის, რომლებიც პოლიტიკის დაგეგმვაზე მუშაობენ. იმისათვის, რომ სახელმძღვანელო მარტივად გამოსაყენებელი და გასაგები ყოფილიყო, მისი შემუშავება მოხდა ადგილობრივი პრაქტიკის გათვალისწინებით, ქართულ ტერმინოლოგიასთან მორგებით.  

რატომ არის საქართველოს განახლებული პოლიტიკის განვითარების სისტემა გამორჩეული? პირველ რიგში, ის მთავრობის ერთიან მიდგომაზეა დაფუძნებული, რაც პოლიტიკის ფორმირებაზე პასუხისმგებელი სამინისტროებისა და სხვა სამთავრობო უწყებების მიერ ერთიდაიგივე პროცედურების, სტანდარტებისა და ტერმინოლოგიის გამოყენებას გულისხმობს. მეორე, ახალი მიდგომა პოლიტიკის დოკუმენტების მკაფიო იერარქიას განსაზღვრავს. მესამე, ცვლილებების შედეგად, მთავრობის საქმიანობა უფრო მეტად შედეგებზე ორიენტირებული გახდება, რაც მიკერძოებისა და სუბიექტურობის შესაძლებლობას გამორიცხავს. მეოთხე, ის გაზომვად მიზნებზე არის დაფუძნებული, რითიც პოლიტიკის განხორციელების ინდიკატორების მონიტორინგის მკაცრი, მაგრამ ძლიერი სისტემის დანერგვა გახდება შესაძლებელი.  მეხუთე, განახლებული მიდგომით დაინერგება პირდაპირი კავშირი პოლიტიკასა და ბიუჯეტს შორის, რომელიც პოლიტიკის ხელშესაწყობად არის გამოყოფილი. და ბოლოს, განახლებული სისტემით, პოლიტიკის დაგეგმვის ყველა ეტაპზე საჯარო კონსულტაციების ჩატარება სავალდებულო გახდება.

ახალი სისტემის პრაქტიკაში მართვა მთავრობის ადმინისტრაციას დაევალა. „ნებისმიერი რეფორმა თუ ახალი ინიციატივა მორგებული უნდა იყოს მოქალაქის ინტერესზე და საჯარო სიკეთეების მაქსიმალურ უზრუნველყოფაზე, რაც შეუძლებელია სამთავრობო პოლიტიკის და რეფორმების მიზნობრივად დაგეგმვისა და განხორციელების გარეშე,“ თქვა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა.

პოლიტიკის შემუშავების განახლებული ჩარჩო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ბრიტანეთის მთავრობისა და ევროკავშირის გრძელვადიანი მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც წლების განმავლობაში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება.

“მოხარული ვარ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ფართომასშტაბიან ინიციატივას,“ თქვა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტმა. „მივესალმები მთავრობის ერთიან მიდგომაზე დაფუძნებულ, შედეგზე ორიენტირებულ ტრანსფორმაციულ მიდგომას, რომლის ინიციატორიც ქვეყნის მთავრობაა. გაერთიანებული სამეფო, ისევე, როგორც სხვა პარტნიორები, განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ისეთი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების საქმეში, რომელიც საზოგადოების ჩართულობას უზრუნველყოფს.“

პოლიტიკის სახელმძღვანელოს ტესტირება 2019 წელს, ეროვნული სტატისტიკის სტრატეგიის შემუშავებისას მოხდა, რომელიც ასევე გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. 280-მა საჯარო მოხელემ სასწავლო პროგრამა „საჯარო პოლიტიკის ანალიზი, მონიტორინგი და შეფასება“ გაიარა, რომელიც 2020 წლიდან ყველა შესაბამისი საჯარო მოხელისთვის სავალდებულო გახდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ასევე ნერგავს პოლიტიკის შემუშავების განახლებულ პრინციპებს ადგილობრივ დონეზე. გარდა ამისა, მთავრობის ადმინისტრაცია ამზადებს  მონიტორინგისა და შეფასების ელექტრონულ სისტემას იმისთვის, რომ უზრუნველყოს პოლიტიკის დანერგვის მონიტორინგი და შეფასება რეალურ, ციფრულ რეჟიმში.

„ახალი ინიციატივით საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი უზადო რეპუტაცია დემოკრატიული მმართველობის რეფორმირების საქმეში,“ აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა (UNDP) საქართველოში, ლუიზა ვინტონმა.  „გამოწვევად რჩება სისტემის წარმატებული დანერგვა, შესაბამისი რესურსების მობილიზების გზით. შედეგად მივიღებთ უკეთეს პოლიტიკას, უკეთესი შედეგებით მოქალაქეებისთვის და მსოფლიო დონის მისაბაძ მაგალითს.“

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ნინო წივწივაძე, მთავრობის ადმინისტრაცია, ntsivtsivadze@gov.ge, +995 598 333310
  • ირა სულავა, UNDP საქართველო, irine.sulava@undp.org, +995 599 579105