საქართველო უერთდება გლობალურ გამოკითხვას კლიმატის ცვლილების შესახებ

UNDP წარადგენს ონლაინ პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ხალხისა და მთავრობების დიალოგს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე

13 February 2020

დღეს საქართველო უერთდება გლობალურ კამპანიას, „მისია 1.5“, რომლის მიზანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ნეგატიური შედეგების დაძლევის შესახებ მოქალაქეებსა და მთავრობებს შორის დიალოგის ხელშეწყობა. კამპანია საშუალებას მისცემს მილიონობით ადამიანს  ხმა მიაწვდინონ თავიანთ მთავრობებს და შესთავაზონ მათ კლიმატის ცვლილების შეჩერების გზები.

კამპანიის ფარგლებში, რომლის ინიციატორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შეიქმნა ვებგვერდი და მობილური თამაში, „მისია 1.5“, რომელშიც მოთამაშე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემქმნელის როლს მოირგებს და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თამაშის მიზანს ემსახურება - გლობალური ტემპერატურის ზრდის შეჩერება კრიტიკულ 1.5°C ზღვრამდე. 

თამაშის დასრულების შემდეგ, მოთამაშეს შესაძლებლობა ეძლევა ხმა მისცეს კლიმატის ცვლილების დაძლევის იმ ზომებს, რომელთა განხორციელებასაც ისურვებდა. მიღებული მონაცემები დამუშავდება და გაეგზავნება ეროვნულ მთავრობებს, რომლებსაც ხშირად არ აქვთ სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ხალხი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მსგავსი გლობალური გამოკითხვა 2015 წლის პარიზის კლიმატის კონფერენციამდე ჩატარდა და მაშინ 76 ქვეყნიდან 10,000 ადამიანი გამოიკითხა.

„მისია 1.5“ ხელმისაწვდომია მსოფლიოს მასშტაბით ვებგვერდზე www.mission1point5.org.

საქართველოს წარმომადგენლობა ერთ-ერთი პირველი იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ოფისებს შორის მსოფლიოში, რომელმაც გლობალურ კამპანიაში ჩართვის სურვილი გამოთქვა. ამით საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ აირჩიონ ის ნაბიჯები, რომელთა განხორციელებასაც ისურვებდნენ საქართველოს მთავრობის მიერ. თამაშის ქართული ვერსია ამოქმედდება თებერვლის ბოლოს და ხელმისაწვდომი იქნება  2020 წლის განმავლობაში.

“საქართველომ უკვე გამოსცადა კლიმატის ცვლილების გამანადგურებელი შედეგები და ამ კუთხით მომავალში შესაძლო განვითარებული მოვლენები აღელვებს ქვეყნის მოსახლეობას,“ თქვა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში. „მისია 1.5-ით მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, უკეთ გაიგონ როგორც საფრთხეები და მათი დაძლევის გზები, ასევე  მონაწილეობა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.“

საქართველო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მხრივ მაღალი რისკის ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება. მისი მთიანი ლანდშაფტი და უთვალავი მდინარე ქვეყანაში წყალდიდობის, წყალმოვარდნის, ღვარცოფის, მეწყერისა და სხვა ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეს ქმნის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ბენებრივი კატასტროფები საკმაოდ ძვირი დაუჯდა - 152 დაღუპული ადამიანი და 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ეკონომიკური დანაკარგი. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების გათვალისწინებით, ეს დანაკარგი მომავალ ათ წელიწადში შესაძლოა 10-ჯერ გაიზარდოს.

მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო აქტიურად არის ჩართული კლიმატის ცვლილების დაძლევის საქმეში. ის პარიზის ხელშეკრულების ხელმომწერია, რომლითაც მას ემისიების შემცირების ვალდებულება აქვს აღებული. გარდა ამისა, საქართველოს მთვარობამ დაიწყო ახალი 74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს რისკის შემცირებას, პრევენციასა და მზადყოფნას მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნისა და კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენების გზით. შვიდწლიან ინიციატივას ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და  შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ხელშეწყობით. პროგრამის საქმიანობა საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზებს ფარავს და 1.7 მილიონი ადამიანის, საქართველოს მოსახლეობის 40%-ის კლიმატური საფრთხეებისგან უკეთ დაცვას უზრუნველყოფს. 

მისია 1.5-ის შესახებ

მისია 1.5 შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და პარტნიორების მიერ როგორც ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აცნობს ადამიანებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს და აკავშირებს მათ მთავრობებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან. კამპანიის სახელწოდებაა „მისია 1.5“, რომელიც თამაშის მიზანს ემსახურება - გლობალური ტემპერატურის ზრდის 1.5°C-მდე შენარჩუნება.  

დამატებითი ინფორმაცია: 

ეწვიეთ UNDP საქართველოს სოციალურ მედიას: 

 

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შესახებ: 

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საზოგადოების ყველა ფენასთან თანამშრომლობს და ხელს უწყობს კრიზისისადმი მდგრადი ერების ჩამოყალიბებას და ცხოვრების დონის გაზრდას ყველგან და ყველასთვის. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 170 ქვეყანასა და ტერიტორიაზე საქმიანობს. ჩვენი დახმარება გლობალური პერსპექტივის გათვალისწინებას და ადგილობრივი ვითარების ცოდნას ეყრდნობა.

საკონტაქტო ინფორმაცია