მედიატორთა ასოციაციის დაარსება - მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოში ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების განვითარებისთვის

ახლადდაარსებულმა მედიაციის ასოციაციამ საზოგადოებასთან მედიაციის გზით მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ახალი შესაძლებლობების შესახებ იმსჯელა

19 February 2020

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიძე/UNDP

დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ დაარსებას. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ, ევროკავშირის  ელჩმა კარლ ჰარცელმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის უმაღლესმა წარმომადგენლებმა. 2019 წელს პარლამენტის მიერ  მედიაციის შესახებ კანონის მიღებას მოჰყვა ამავე წლის დეკემბერში 55 დამფუძნებელი წევრის მიერ ასოციაციის დაარსება. ღონისძიებაზე ახლადდაარსებული ასოციაციის სტრატეგია და გეგმები იქნა წარდგენილი, ასევე განხილული იყო  საზოგადოებისთვის მედიაციის გზით მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ახალი შესაძლებლობები.

მედიაცია დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმია, რომელიც საშუალებას აძლევს მოდავე მხარეებს მედიატორის - ნეიტრალური, მესამე პირის მეშვეობით, მოაგვარონ კონფლიქტი  ურთიერთშეთანხმებით. მედიაცია სასამართლოში მიმართვის  ნაკლებხარჯიანი და დროის დამზოგველი ალტერნატივაა. დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარების მიმართულების ფარგლებში, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში მედიაციის ხელშეწყობას უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს.

„მედიაცია კვლავაც სიახლეა საქართველოში. ჩვენ გვჯერა, რომ მასში დიდი პოტენციალია იმ მოსახლეობისთვის, რომელსაც სურს სასამართლოს გარეთ დავების გადაწყვეტა  მშვიდობიანი და ურთიერთმისაღები გამოსავლების ძიებით,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა. „იმედს გამოვთქვამთ, რომ ასოციაციის დაფუძნება სამოქალაქო დავებზე მედიაციის გამოყენებისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის ახალი ბიძგი იქნება, და ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისათვის მზად ვართ.“

 „გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს მედიაციას, რადგან მისი საშუალებით მართლმსაჯულება უფრო ხელმისაწვდომი ხდება იმ ათასობით ადამიანისთვის, რომლებსაც არ აქვთ დავების სასამართლოს გზით გადაწყვეტის ფინანსური რესურსი,“ აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა. „მეტიც, სასამართლოსთან შედარებით, რომელიც მხოლოდ ერთი მხარის მოგებით ხასიათდება, მედიაცია დაპირისპირებისა და შეჯიბრობითობის ალტერნატივაა, რომელიც მხარეებს მათთვის მისაღები გამოსავლის ძიების შესაძლებლობას აძლევს.“

ასოციაცია დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია (სსიპ) და მედიატორთა თვითრეგულირებას ემსახურება. მისი მანდატის ფარგლებში, ის უზრუნველყოფს მედიატორთა სერტიფიცირებას, მათთვის მინიმალური საკვალიფიკაციო სტანდარტების დაწესებას, პროფესიული ეთიკის წესების განსაზღვრასა და როგორც სასამართლო, ისე  კერძო მედიაციის განვითარების ხელშეწყობას.

„ჩვენ მნიშვნელოვანი მისია გვაკისრია,“ აღნიშნა ასოციაციის თავჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. „საზოგადოებას ჩვენს მიმართ დიდი მოლოდინი აქვს. ამ მოლოდინის გასამართლებლად აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ მედიატორთა საქმიანობის საუკეთესო  სტანდარტები და პრაქტიკა შევქნათ."

ირაკლი ყანდაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვა გააცნო. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში მედიაციის განვითარების მიზნით ასოციაციის მომავალი ნაბიჯები  და პარტნიორობის შესაძლებლობები.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, ევროკავშირისა  და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი  პროექტის „მედიაცია და არბიტრაჟი - დავების ეფექტიანი გადაწყვეტა“, EU4Business პროგრამის კომპონენტის მხარდაჭერით.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • თეიკო კანდელაკი, UNDP საქართველო, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu