გაეროს განვითარების პროგრამისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით საქართველოს პოლიცია მომხმარებელზე ორიენტირებული და შშმ პირებზე მორგებული სერვისების მიწოდებაში გადამზადდება

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის ფარგლებში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის თანამშრომლები სერვისების მიწოდების ახალ უნარ-ჩვევებს შეიძენენ

5 May 2020

ფოტოს ავტორი: შსს

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებენ ახალ ინიციატივას, რომლის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის, ყოფილი „მე-12 ოთახის“ თანამშრომლების შესაძლებლობებისა და სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.  

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოაგილემ, კახა საბანძემ 5 მაისს გამართულ ონლაინ შედხვედრაზე ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების  მემორანდუმს.

“შინანგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მომსახურების ცენტრის რეფორმას, რომლის მიზანია „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ. „მიმდინარე რეფორმის პროცესში ცენტრის თანამშრომლების ტრენინგი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს“.

„პოლიციის საქმიანობა ყოველთვის სტრესს უკავშირდება, რაც განსაკუთრებით კრიზისის დროს ვლინდება“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა. „ჩვენი გადამზადების პროგრამის შედეგად საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი შეიმუშავებს ახალ მიდგომებს და აღიჭურვება შესაბამისი უნარ-ჩვევებით, რათა ეფექტიანი მომსახურება გაუწიოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებსა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს“.

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი 2018 წელს ჩამოყალიბდა და მოქალაქეებს 50-ზე მეტი სერვისით უზრუნველყოფს. მათ შორისაა ჯარიმები, მართვის მოწმობის შეჩერება, დაკარგული სანომრე ნიშნების აღდგენა და საჯარიმო სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანასთან დაკავშირებული თანხმობა. UNDP-ის მხარდაჭერით, ცენტრის თანამშრომლები  მომხმარებელთან ურთიერთობის, ემოციების მართვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების ტრენინგს გაივლიან.

გარდა ამისა, UNDP ხელს შეუწყობს მომსახურების ცენტრს, დანერგოს საჯარო სექტორის ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმი, შეფასების ერთიანი სისტემა (CAF), რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში 4,500-მდე საჯარო უწყება იყენებს.

საქართველოში CAF სისტემის დანერგვა პირველად იუსტიციის სახლმა დაიწყო. UNDP-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, ეს წარმატებული პრაქტიკა სხა უწყებებშიც დაინერგება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა UNDP-სა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის 6 მილიონი აშშ დოლარის (4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი) ღირებულების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას ემსახურება და რეფორმის სამ ძირითად მიმართულებას ეხმიანება: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა და საჯარო სამსახურის რეფორმა, და სახელმწიფო სერვისების მიწოდება.

საკონტაქტო ინფორმაცია