უთანასწორობის დაძლევა – ექსპერტები საქართველოს განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ

მდგრადი განვითარების მიზნების საფუძველზე შექმნილი პოლიტიკური ჩარჩო უზრუნველყოფს, რომ “არავინ დარჩეს განვითარების პროცესის მიღმა”- თანხმდებიან ოფიციალური პირები

21 January 2020

უთანასწორობა აფერხებს ადამიანის განვითარებას საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მაგრამ მდგრადი განვითარების მიზნების მიხედვით დაგეგმილ პოლიტიკას შეუძლია უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა, ისე რომ არავინ დარჩეს განვითარების პროცესებს მიღმა. ასეთია დღეს თბილისში გამართული დისკუსიის მთავარი დასკვნა. ღონისძიების ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც  პასუხიმგებელია ქვეყნის პროგრესის კოორდინაციაზე, მდგრადი განვითარების მიმართულებით.

დისკუსია გახსნეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა, ლუიზა  ვინტონმა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი გაეროს განვითარების პროგრამის „ადამიანის განვითარების ინდექსის“ უახლესი რედაქციის მიხედვით, საქართვლო 70-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის, და წინ უსწრებს შემდეგ პოზიციებზე მყოფ სომხეთს - 81, აზერბაიჯანს - 87 და უკრაინას - 88; თუმცა ჩამორჩება რუსეთს 49-ე პოზიციაზე, ბელორუსს - 50-ე და თურქეთს - 59-ე პოზიციაზე. გაეროს განვითარების პროგრამის მთავარი რეგიონული ეკონომისტი, ბენ სლეი განმარტავს, რომ ეს პოზიცია საქართველოს ახასიათებს როგორც ადამიანის მაღალი განვითარების ქვეყანას, მაგრამ  უთანასწორობის ფაქტორის გამო, ქვეყნის მაჩვენებელი 12 პროცენტით მცირდება.  

„ცხადია, რომ ადამიანის კეთილდღეობა ფულის გარდა, დამოკიდებულია გაცილებით მეტ ფაქტორზე“, განმარტა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა. „ჩვენი მიდგომა სცდება შემოსავლებს და მოიცავს სხვა მაჩვენებლებს როგორიცაა ჯანმრთელობა, განათლება და შესაძლებლობები; და ამით ჩანს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ, რომ არავინ დარჩეს განვითარების პროცესებს მიღმა.“

„საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს სწორედ ამ გამოწვევების დაძლევა წარმოადგენს, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, საქართველოს მთავრობის პროგრამის შესაბამისად,” განაცხადა პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა გიორგი სახოკიამ. „სამთავრობო პროგრამა მიზნად ისახავს აღნიშნული გამოწვევების დაძლევას. საქართველო აღიარებს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს და იღებს პასუხისმგებლობას ისეთი პოლიტიკის შემუშავებაზე, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებსა და კეთილდღეობას ყველა მოქალაქისათვის.“

მეორე თემა იყო საქართველოს პროგრესი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიმართულებით, მონაწილეთა აზრის ამ მიმართულებით პოლიტიკა კარგად არის განსაზღვრული. გაეროსა და მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ტექნიკური ანალიზის მიხედვით, მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანების 93 პროცენტი ასახულია ეროვნულ სტრატეგიებში, სადაც მარტო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე 63 პროცენტი მოდის. მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით პროგრესის დაჩქარებისთვის, რეკომენდებულია განსაკუთრებული ყურადღების დათმობა ოთხი პრიორიტეტისთვის, რომელიც ამჟამად სირთულეს უქმნის განვითარების პროცესს: უთანაბრობის შემცირება ქალაქისა და სოფლის დასახლებებს შორის; ღირსეული დასაქმების შესაძლებლობების შექმნა ახალგაზრდებისთვის; გენდერული და სხვა ნიშნით უთანასწორობის დაძლევა; და მწვანე ენერგეტიკის განვითარება.  

ფორუმი დასრულდა დისკუსიით, მასში მონაწილეობდნენ იმ სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებსაც აკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა განახორციელონ კონკრეტული ქმედებები უთანასწორობის დაძლევისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიმართულებით.  

საკონტაქტო ინფორმაცია

  • თეიკო კანდელაკი, გაეროს განვითარების  პროგრამა UNDP, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
  • ირინა სულავა , UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org
  • მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org
  • ნინო წივწივაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, +995 598 333310,  ntsivtsivadze@gov.ge