საქართველოს მომავალი პარლამენტი: ქალთა გაზრდილი წარმომადგენლობით თუ ქალების გარეშე?

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი ინტერნეტ პლატფორმა “Equal Future” - „თანასწორი მომავალი“ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის სტატისტიკას აქვეყნებს

5 March 2020

პარლამენტში ქალთა 15-პროცენტიანი წარმომადგენლობით, საქართველო 53-ე ადგილს იკავებს ევროპისა და აზიის 56 ქვეყანას შორის. UNDP-ის ახალი ვებ-პლატფორმის #EqualFuture მიხედვით, თუ ამ მიმართულებით ტენდენცია არ შეიცვალა, 2030 წლამდე მდგრადი განვითარების მიზნების ჭრილში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში გენდერული ბალანსის მიღწევა ნაკლებად მოსალოდნელია.

პლატფორმაზე თავმოყრილია გაეროს ევროპის რეგიონის ეკონომიკის კომისიაში (UNECE) შემავალი 56 ქვეყნის პარლამენტში ქალთა მონაწილეობის უახლესი სტატისტიკა, პროგნოზი, ტენდენციები და ქალების ისტორიები, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ასახავს. ინტერაქტიული ვებ-პლატფორმა მოიცავს ასევე იმ ძირეულ მიზეზების ანალიზს, რომელიც პოლიტიკაში ქალთა დაბალ აქტიურობას საფუძვლად უდევს.

ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში ქალთა მონაწილეობა არსებითად არ შეცვლილა. 1995 წელს არსებული 7 პროცენტიანი მაჩვენებელი 2019 წლის მონაცემებით მხოლოდ 15 პროცენტამდე გაიზარდა. ამ დროს, ევროპისა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებში ქალების რიცხვი მატულობს და საშუალოდ 24.6 პროცენტს აღწევს, რაც მსოფლოს საშუალო მაჩვენებელთან, ანუ 24.9 პროცენტთან ახლოსაა. თუმცა, პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის სრულ მიღწევამდე რეგიონს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.

“საქართველოს უაღრესად დაბალი რეიტინგის გათვალისწინებით, წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში ყველა მხარეს მოვუწოდებთ, ქმედითი ნაბიჯები გადადგან ამ მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“, განაცხადა საქართველოში UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა. “გამაოგნებელია, რომ ქართველი ძალზედ ნიჭიერი, გამბედავი და განათლებული ქალების პოტენციალი არ არის სათანადოდ გამოყენებული ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური განვითარებისთვის.“

UNDP-ის ახალი პლატფორმის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ პეკინის დეკლარაციის მიღებიდან 25 წლის შემდეგ პოლიტიკა კაცების მიერ დომინირებულ სფეროდ რჩება კვლავ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობებსა და საკანონმდებლო ორგანოებში ქალების რაოდენობა მატულობს, მსოფლიოს მასშტაბით არჩეულ პოლიტიკოსებს შორის მათი რიცხვი ერთ მეოთხედს არ აღემატება.

პოლიტიკაში კარიერულ გზაზე ქალები ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციას, პატრიარქალურ მიდგომას , რესურსების ნაკლებობას და ასევე უამრავ სტერეოტიპს  მედიასა და საზოგადოებაში. ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ბოლო დროს გაღვივებული ქალი პოლიტიკოსების მიმართ ძალადობა, განსაკუთრებით კი გენდერული ნიშნით კიბერ ძალადობა.

UNDP-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებული ანალიზის მიხედვით, გენდერული კვოტირება არჩეული პოლიტიკოსების რიგებში უფრო მეტი ქალის გამოჩენის ყველაზე ეფექტურ ხელსაწყოდ რჩება. ევროპის თერთმეტ ქვეყანაში მიღებულმა კვოტამ რვა შემთხვევაში ქალი პარლამენტარის რიცხვი საგრძნობლად გაზარდა, თუმცა უფრო მეტი სისტემური ცვლილებებია საჭირო იმისთვის, რომ პოლიტიკის სფეროში გენდერული თანასწორობის პრინციპები საბოლოოდ დამკვიდრდეს.

#EqualFuture ეხმიანება საერთაშორისო ქალთა დღეს და პეკინის დეკლარაციის მიღებიდან 25 წლის იუბილეს. პლატფორმის მიზანია ცნობიერების ამაღლება მსოფლიოს მთავრობების მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს გენდერული თანასწორობის მიღწევას სხვადსხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკაში. 

მეთი ინფორმაცია თანასწორი მომავლის შესახებ იხილეთ აქ: https://equalfuture.eurasia.undp.org/

საკონტაქტო ინფორმაცია