ინფორმაციის გავრცელება ჟესტურ ენაზე

გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას, ჟესტურ ენაზე თარგმნოს საინფორმაციო ბრიფინგები COVID-19 პანდემიის შესახებ

27 April 2020

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის შედეგად, 23 აპრილიდან ყველა სატელევიზიო ბრიფინგი COVID-19 პანდემიის შესახებ გავა ეთერში ჟესტური თარგმანის თანხლებით.

საინფორმაციო ბრიფინგებს რეალურ რეჟიმში დისტანციურად თარგმნიან საქართველოს ყრუთა კავშირის თარჯიმნები, ხოლო თარგმანი ხელმისაწვდომია როგორც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, ასევე ყველა სხვა დაინტერესებული ტელევიზიისთვის.

„კრიზისის დაწყებისთანავე საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას როგორც ეთნიკური უმცირესობებისთვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის“, - განაცხადა ლელა აქიაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თემთან მუშაობა და მათი საჭიროებების გათვალისწინება მიმდინარე სამუშაო პროცესში უმნიშვნელოვანესია ერთობლივი შედეგის მისაღწევად. დღეს-დღეობით სმენის შეზღუდვის მქონე ადამიანებისათვის COVID-19-თან დაკავშირებული ყველა სამთავრობო ბრიფინგი ხელმისაწვდომია ჟესტურ ენაზე პირდაპირი ეთერის რეჟიმში. ბრიფინგების სრული ტექსტი კი განთავსდება საქართველოს მთავრობის სოციალური მედიის გვერდზე.“

„საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდანვე UNDP მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან“, - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ჩვენი დახმარება ეფუძნება პრინციპს „არაფერი ჩვენთვის ჩვენს გარეშე“  და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გამოვლენას და მათ დროულ ხელშეწყობას ითვალისწინებს“.

მარტსა და აპრილში UNDP და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მუდმივად თანამშრმლობდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამ თანამშრომლობის, მათ შორის დისტანციურად გამართული შეხვედრების მიზანი იყო იმ ახალი გამოწვევების განხილვა, რომელიც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება, და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყველაზე მწვავე საჭიროებების გამოვლენა. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სწორედ ამ პრიორიტეტულ საკითხებს შორის დასახელდა. სმენის შეზღუდვის მქონე პირებმა, რომელთაც ტელევიზიით გავრცელებულ ინფორმაციაზე ხშირ შემთხვევაში ხელი არ მიუწვდებათ, ამას განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი.

სატელევიზიო ბრიფინგების თარგმნასთად ერთად, UNDP ასევე დაეხმარა საქართველოს მთავრობას კორონავირუსის გავრცელებისა და პრევენციის გზების შესახებ საინფორმაციო ვიდეო-რგოლების თარგმნაში ჟესტურ ენაზე სმენის შეზღუდვის მქონე ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი მოსახლეობისთვის. ამავე მიზნით ვიდეო-რგოლებს დაემატა სუბტიტრები სხვადასხვა ენაზე.

UNDP-ის ხელშეწყობა ხორციელდება 2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ჩართულია გაეროს ექვსი სააგენტო. პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დაცვის გაუმჯობესება. პროგრამის განხორციელება დაიწყო 2020 წლის იანვარში, COVID-19 კრიზისის დაწყებამდე, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს მისი ადაპტირება პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და ახალი გამოწვევების გათვალისწინებით.

საკონტაქტო ინფორმაცია