პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების შერბილების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება კვლავ პრიორიტეტია

UNDP, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, საქართველოს 23 მუნიციპალიტეტს 23,000 სახის დამცავ ფარს გადასცემს

25 May 2020

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

მაშინ, როდესაც საქართველო იწყებს პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შერბილებას, სამუშაო ადგილებზე დაბრუნებული ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფა კვლავ მთავარი ამოცანაა, როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის რეგიონებში. ამის გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებთან თანამშრომლობით, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და გურიის რეგიონების 23 მუნიციპალიტეტს 23,000 სახის დამცავ ფარს გადასცემს.

მოსახლეობისა და სამედიცინო პერსონალის დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფა UNDP-ის ფართომასშტაბიანი ინიციატივაა, რომლის ფარგლებში, ევროკავშირის ხელშეწყობით,  16,000 სახის დამცავი ფარი უკვე გადაეცა სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს და პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მომუშავე სხვა სამედიცინო პერსონალს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დახმარებით, 7,500 დამცავი ფარი აფხაზეთში გაიგზავნა.

მრავალჯერადი გამოყენების სახის დამცავი ფარები წარმოებულია საქართველოში გადამუშავებული პლასტიკური ბოთლებისგან ქართული კომპანიის CaucasPack მიერ, რომელმაც პანდემიით გამოწვეული მოთხოვნის საპასუხოდ თავისი წარმოება ამ აღჭურვილობის დამზადებაზე გადააწყო, რითაც 99 თანამშრომელს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნა.

შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, სახის დამცავი ფარები გადაეცემა UNDP-ის პარტნიორ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მუნიციპალიტეტებში, რომლებიც ამ დამცავ აღჭურვილობას ადგილობრივ საჯარო მოხელეებს, ჯანდაცვის მუშაკებს, პროფესიული კოლეჯების მასწავლებლებსა და სტუდენტებს, მოხალისეებს, მცირე ბიზნესში დასაქმებულებსა და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს გადასცემენ.

“პანდემიასთან გამკლავების წარმატებამ გზა გაუკვალა საქართველოს ეკონომიკის აღდგენას“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა. “თუმცა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებისას სიფრთხილე კვლავ გვმართებს, რათა ეს ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე არ მოხდეს. ამ მხრივ, ეფექტური დამცავი საშუალებები საყოველთაო და ყოველდღიური მოხმარების ნივთად უნდა დარჩეს.“

„შვეიცარია საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია პანდემიასთან ბრძოლაში“, - განაცხადა შვეიცარიის თანამშრომლობის რეგიონულმა ხელმძღვანელმა დანიელ მევლიმ. „გვეამაყება, რომ შესაძლებლობა გვაქვს, დახმარება გავუწიოთ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, განსაკუთრებით მოშორებულ და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, ადამიანები ვირუსისგან დავიცვათ და ადგილობრივი ეკონომიკის აღდგენას შევუწყოთ ხელი“.

„ადამიანების ხელშეწყობა და მათი საარსებო წყაროს შენარჩუნება ჩვენი ხელშეწყობის უმთავრესი საკითხია“, - აღნიშნა გერჰარდ შაუმბერგერმა, ავსტრიის საელჩოს ტექნიკური დახმარების საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა. „ჩვენი დახმარების პროგრამები განკუთვნილია ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობისთვის და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის“.

პანდემიის პირველივე დღეებიდან, UNDP აქტიურად ეხმარება მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს, რაც საქართველოს მთავრობასთან, საერთაშორისო დონორებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში ხორციელდება.

პანდემიის ფონზე შექმნილი საჭიროებების გათვალისწინებით, UNDP-იმ მყისიერად გადახედა ბევრ მიმდინარე პროექტს, მათ შორის, რეგიონული და ადგილობრივი განვითარებისა და დეცენტრალიზაციის  ხელშეწყობის პროგრამის, და მათი განხორციელება და რესურსები არსებულ ვითარებას მოარგო.

ამის შედეგად, შესაძლებელი გახდა საქართველოს მუნიციპალიტეტებში COVID-19 შესახებ საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, რეგიონების მოსახლეობის უზრუნველყოფა სხვადასხვა სახის დამცავი აღჭურვილობით და საქართველოს მთავრობის ოფიციალური საინფორმაციო ვებგვერდის www.stop.cov.ge ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის.

რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (ADC) მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

საკონტაქტო ინფორმაცია: