COVID-19 პანდემიის საპასუხოდ საქართველოს საჯარო სამსახური ინოვაციურ მიდგომებს მიმართავს

გაეროს განვითარების პროგრამა და დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის მთავრობები ხელს უწყობენ საჯარო მიხელეთა ონლაინ ფორუმს

28 April 2020

ფოტოს ავტორი: UNDP საქართველო

2020 წლის 24 აპრილს საქართველოს საჯარო მოხელეები მესამე  ფორუმზე შეიკრიბნენ, რომელიც სოციალური დისტანცირების მოთხოვნების შესაბამისად ონლაინ რეჟიმში გაიმართა. იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ძირეულად იცვლება საქართველოს საჯარო, პირადი და ბიზნეს ცხოვრების მრავალი ასპექტი, საჯარო მოხელეებმა იმსჯელეს ინოვაციურ მიდგომებზე, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი გახდება როგორც არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, ასევე სამომავლო პრიორიტეტების დასახვა.

საჯარო მოხელეთა ფორუმს საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სამინისტროების 70-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიება გაიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის მთავრობების ხელშეწყობით.

„დღეს ჩვენ, სხვადასხვა უწყების საჯარო მოხელეები, შევიკრიბეთ ინსპირაციულ და მეგობრულ გარემოში და ვისაუბრეთ ინოვაციურ მიდგომებზე“, - განაცხადა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ. „საჯარო სამსახურის გამართული, ეფექტიანი და გამჭვირვალე ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოხელემ შემოგვთავაზოს ახალი იდეები და პრობლემის გადაჭრის გზები, რომელიც უკეთესს გახდის საჯარო სამსახურს.“

„საქართველოს საჯარო სექტორის სავიზიტო ბარათი სწორედ ადამიანზე მორგებული სახელმწიფო სერვისებია“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ეს უპირატესობას ანიჭებს საქართველოს პანდემიით გამოწვეულ ზომებთან, მათ შორის გადაადგილებისა და სოციალური კონტაქტების შეზღუდვასთან ადაპტირებისას. UNDP მოხარულია, მხარი დაუჭიროს საჯარო სექტორში ინოვაციური მიდგომების დანერგვას და არსებული გამოწვევების სამომავლო შესაძლებლობებად გარდაქმნას“.

ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს დისტანციური მუშაობის პრაქტიკა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს საჯარო სექტორს შეფერხების გარეშე აწარმოოს საქმიანობა სოციალური დისტანცირებისა და კარანტინის პირობებში. მათ აღნიშნეს, რომ სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალების, მაგალითად, ტელეკონფრენციების გამოყენება იმდენად ეფექტიანი გამოდგა, რომ ეს პრაქტიკა შესაძლოა მომავალშიც, პანდემიის დასრულების შემდეგ გაგრძელდეს. საჯარო მოხელეების აზრით, უნდა ჩატარდეს მათი სამუშაო დატვირთვის კვლევა, რომელიც გამოავლენს, თუ სამუშაოს რა ნაწილი შეიძლება შესრულდეს ტელეკომუნიკაციისა და დისტანციური მუშაობის ხელსაწყოების გამოყენებით.      

საჯარო მოხელეებმა ასევე იმსჯელეს სახელმწიფო სერვისების შექმნისა და მიწოდების თანამედროვე გზებზე, რომლებიც ადამიანზეა მორგებული და სერვისის დიზაინის დროს ინოვაციურ მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას ითვალისწინებს. UNDP-ის ონოვაციების სპეციალისტმა ხათუნა სანდროშვილმა ისაუბრა სახელმწიფო სერვისების შექმნის თანამედროვე თეორიასა და პრაქტიკაზე. მან ასევე წარადგინა UNDP-ის საერთაშორისო გამოცდილება საჯარო სექტორში ინოვაციების დანერგვის სფეროში.

საჯარო მოხელეთა ფორუმი საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომელიც ეხმარება საჯარო მოხელეებს მიმდინარე საკითხების განხილვაში, გამოცდილების გაზიარებასა და საერთო ხედვების შემუშავებაში. ფორუმის შეხვედრები, რომელიც 2019 წლის დეკემბერსა და 2020 წლის თებერვალში გაიმართა, საჯარო მოხელის პროფესიასა და საჯარო სამსახურში  კომუნიკაციაზე მსჯელობას დაეთმო. 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილ შეხვედრებზე ფორუმის მონაწილეები განიხილავენ მიმდინარე რეფორმის საკვანძო საკითხებს, მათ შორის, დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის განვითარებას, საჯარო მოხელეთა პროფესიულ სრულყოფასა და საჯარო სამსახურში გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვას.

საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც საქართველოში 2014 წელს დაიწყო, მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელია. რეფორმის მიზანია დამსახურებაზე დაფუძნებული პროფესიული საჯარო სამსახურის განვითარება და პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების დახვეწა. დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერითა და საჯარო სამსახურის ბიუროსთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2016 წლიდან უწყობს ხელს რეფორმის განხორციელებას. 

საკონტაქტო ინფორმაცია