პროფესიული განათლება სკოლებში სწავლისა და განვითარების დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ახალგაზრდებს

25 February 2019

ფოტოს წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საჯარო სკოლების ათი ათასამდე მოსწავლე ჩაერთო პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს.

პროგრამის დანერგვას წინ უსწრებდა პილოტირების ეტაპი, რომელიც 2017 წელს  გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა. პილოტირების პროცესში ჩართული იყო 6 საჯარო სკოლის ასამდე მოსწავლე და 4 რეგიონული კოლეჯი. საპილოტე პროგრამა მიზნად ისახავდა: კარიერის მართვის სერვისების დანერგვას; მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობას; საჯარო სკოლებისა და პროფესიული კოლეჯების თანამშრომლობის ხელშეწყობას; პროფესიული განათლების პოპულარიზაციას.

პილოტირების ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, სამინისტრომ დაიწყო სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების სახელმწიფო პროგრამის დანერგვა. 2017 წლის სექტემბრიდან დღემდე, პროგრამაში ჩაერთო 259 საჯარო სკოლის 10 ათასამდე მოსწავლე (მე-8 და მე-9 კლასელები) საქართველოს ყველა რეგიონიდან. სასწავლო პროცესზე დაკვირვება, მონიტორინგი და შეფასება UNDP-სა და შვეიცარიისა მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

„პროგრამამ უკვე გამოიღო დადებითი შედეგები - სკოლებში განვითარდა პროფესიული სწავლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, კოლეჯებმა და სკოლებმა დაიწყეს თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება, ათიათასამდე მოსწავლემ მოსინჯა თავისი ძალები სხვადასხვა პროფესიაში“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძემ, 25 თებერვალს, პროგრამის შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაზე. „მიმდინარე წელს, პროგრამის მასშტაბი კიდევ უფრო გაფართოვდება და ამასთან, დაიწყება პროფესიული მომზადების კურსების შეთავაზება მეათე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეებისთვის“, - დასძინა მან.

„პროფესიული განათლება სკოლაში“ პროგრამის ხელშეწყობა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის მთავრობის უფრო ფართო დახმარების ნაწილია, რომელიც საქართველოში პროფესიული განათლების რეფორმასა და განვითარებას ემსახურება.

„პროფესიული განათლების სფეროში შვეიცარია მსოფლიოს ერთერთი წამყვანი ქვეყანაა. მოხარულები ვართ, რომ ეს წარმატებული გამოცდილება საქართველოში ინერგება", - აღნიშნა ბექა თაგაურმა, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა.

“ხარისხიანი პროფესიული განათლება ამცირებს განათლებასა და დასაქმებას შორის არსებულ მანძილს“, - აღნიშნა გიორგი ნანობაშვილმა, UNDP-ის ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა საქართველოში. „რაც უფრო ადრე მოსინჯავენ ახალგაზრდები საკუთარ ძალებს სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში, მით უფრო ადვილად გაივლიან დასაქმებისა და შემოსავლისაკენ  მიმავალი გზას. იმის გათვალისწინებით, რომ კვალიფიციური სამუშაო ძალა საქართველოში კვლავ დეფიციტია, პროფესიული უნარების მქონე ადამიანების რიცხვის ზრდა დამსაქმებლებისთვისაც მომგებიანია“.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ნათია კუკულაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, +995 577 484040, kukuladzen@gmail.com
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • ეკატერინე ყვავაძე, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, +995 599 952 954, eka.kvavadze@eda.admin.ch

Vocational Skills in School

Photo: Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia

Photo: Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia

Photo: Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia

Photo: Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia

Photo: Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia

Photo: Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia