ამბროლაურისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების 14 ათასი მაცხოვრებელი ახალი საზოგადოებრივი ცენტრების მომსახურებით ისარგებლებს

UNDP, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებთან თანამშრომლობით, ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაში

26 February 2019

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ქვემო ქართლისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში ორი ახალი საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება, რომელთა მომსახურებით 14 ათასამდე ადგილობრივი მაცხოვრებელი ისარგებლებს.

საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას კაჩაგანში, მარნეული მუნიციპალიტეტი, და ჭრებალოში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი,  სათავეში ჩაუდგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით. 400 ათასი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უშუალო ჩართულობით განხორციელდება. UNDP-მ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შესაბამის ხელშეკრულებას 2019 წლის 26 თებერვალს მოაწერეს ხელი.

„მოხარულები ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობას სახელმწიფო და კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში, რაც საქართველოს ყველა მოქალაქეზე, მათ შორის მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობაზე, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე აისახება“, - განაცხადა მუნხტუია ალთანგერელმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში.

სოსო გიორგაძემ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი ცენტრების მომსახურების მრავალფეროვნებას.

„2012 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამოცდაოთხი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა“, - განაცხადა სოსო გიორგაძემ. „ახალი ცენტრები, რომლებიც 2020 წელს ამბროლაურისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში გაიხსნება, 14 ათას მაცხოვრებელს მოემსახურება. საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს 200-მდე სახელმწიფო და კერძო სერვისს, ისარგებლებს თანამედროვე ბიბლიოთეკითა და კარგად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით, რომელიც აქტიურად გამოიყენება სამოქალაქო ჩართულობის ღონისძიებებისთვის. საზოგადოებრივი ცენტრებში ასევე განთავსდება მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მისაღები ოთახები”.

საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის ხელშეწყობა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერის უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელსაც UNDP შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებთან თანამშრომლობით ახორციელებს. ამ დახმარების ფარგლებში, UNDP, შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADC) მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით.            

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP საქართველო, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org
  • სოფიო ტორჩინავა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, +995 577 791819, s.torchinava@sda.gov.ge