სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის შეხვედრა

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერენ თანამშრომლობის ჩამოყალიბებას საქართველოში სოფლის განვითარების წარმატებისთვის

16 December 2019

ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

რა წვლილი შეაქვთ საზოგადოებრივ ქსელებს სოფლის განვითარებაში და როგორია ევროკავშირისა და საქართველოს პრაქტიკა ამ  საკითხში? სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის (GRDN) შეხვედრაზე, რომელიც 2019 წლის 13 დეკემბერს ჩატარდა, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ორმოცდაათზე მეტმა წარმომადგენელმა სწორედ ამაზე იმსჯელა.

ღონისძიება გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან (CiDA) თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, ENPARD, ფარგლებში.

„საზოგადოებრივი ქსელი მნიშნველოვან წვლილს შეიტანს სოფლის განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. „ამ პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ინფორმაციის გაზიარება, ცნობადობის გაზრდა და სოფლის განვითარების  პოლიტიკის განხორციელების გაუმჯობესება“.

„საქართველოში სოფლის განვითარების მხარდაჭერა ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს”, - განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო დაცვის და კრიზისების მართვის პროგრამის მენეჯერმა. “ჩვენ გვჯერა სოფლად თანამონაწილეობითი განვითარების, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აძლიერებს და საკუთარი თემის განვითარებაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელის ჩამოყალიბება, დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და თანამშრომლობის გაღრმავება, ამ მნიშვნელოვან პროცესს მეტად გაამყარებს“.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სოფლის განვითარებაში საჯარო და კერძო სექტორის თანმშრომლობის გზებზე და ახალგაზრდების როლზე სოფლად წარმატებული ბიზნესის განვითარებაში და არაფერმერულ სექტორში შემოსავლების შექმნის საქმეში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზოგადოებრივი ქსელის განვითარების პერსპექტივებს, რომელმაც მხარდამჭერები და უშუალო მონაწილეები სოფლის განვითარების გარშემო უნდა გააერთიანოს.   

„სოფლის განვითარების ქსელი პირველ რიგში ადამიანებს ეხება,“ - აღნიშნა ავე ბრემსემ, ესტონეთის სოფლის განვითარების ქსელის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელმაც  წლევანდელ შეხვედრაში მომხსენებლის სტატუსით მიიღო მონაწილეობა. „საზოგადოებრივი ქსელი თანამშრომლობისა და სიახლის შექმნის საუკეთესო გზაა, რომლის შედეგი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ცალკეული შემადგენლების მექანიკური ჯამი, და რომელიც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ყველგან ემსახურება.“

საქართველოს სოფლის განვითარების საზოგადოებრივი ქსელი (GRDN) ესტონეთისა და ფინეთის ანალოგიური ქსელების წარმატებულ პრაქტიკას ითვალისწინებს. საზოგადოებრივი ქსელი ონლაინ პლატფორმის სახით არსებობს, რომლის ადმინისტრირებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. მისი მიზანია ინფორმაციისა და ცოდნის გაცვლა სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელებაში ჩართულ ყველა პარტნიორსა და დაინტერესებულ მხარეს - საჯარო და კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სათემო ჯგუფებს შორის.

საზოგადოებრივი ქსელის მეშვეობით ვრცელდება სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორცილების კონკრეტული მაგალითები, მშრალ რიცხვებს მიღმა არსებული ადამიანური ისტორიები, რაც ხელშესახებად აჩვენებს, თუ რა შედეგი მოაქვს სოფლის განვითარებას საზოგადოებისთვის.

სოფლის განვითარების ქსელები ევროკავშირში მიღებული პრაქტიკაა და ყველა ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს. მათი მიზანია ინფორმაციის  გავრცელება, თანამშრომლობის ხელშეწყობა და იმ ცოდნისა და უნარების განვითარება, რომლებიც სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორცილებას და შესაბამისი პროგრამების წარმატებას განაპირობებს.    

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაცია პროგრამაზე ENPARD ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: www.enpard.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო,  +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge
  • თამარ ხუნწარია, ENPARD საქართველო, +995 595 989916, tamar.k@actionprgroup.com
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org