სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორი აგრძელებს თანამშრომლობას სოფლის განვითარებისთვის

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს შეხვედრები 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების სფეროში მიღწეული პროგრესისა და 2021-2027 წლების პრიორიტეტების შესახებ

7 November 2019

ფოტოს ავტორი: ეთერ ცოტნიაშვილი/CiDA

დღეს ბორჯომში გაიმართა შეხვედრა საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის განხორციელებაზე და 2021-2027 წლების სამომავლო სტრატეგიის პრიორიტეტებზე. ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის ხელშეწყობითა და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, მათი უფრო ფართო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სოფლის განვითარებას ემსახურება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამებზე, რომელთა მიზანია სოფლად ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა. მათ აღნიშნეს, რომ სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორების თანამშრომლობას საკვანძო როლი ენიჭება  სოფლის განვითარების პროგრამების პრიორიტეტების დადგენაში, ისევე როგორც ამ პროგრამების განხორციელებასა და მონიტორინგში. შეხვედრაზე განხილულ  საკითხებს შორის იყო სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირება, დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა, ადგილობრივი მეწარმეობის განვითარება, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენება.

„სახელმწიფოს ხელშეწყობა დადებით გავლენას მოახდენს ადგილობრივი ეკონომიკაზე, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო და ფერმერულ საქმიანობას სცილდება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. „სამოქალაქო საზოგადოების აქტიური თანამშრომლობა დაგვეხმარება დავსახოთ სწორი პრიორიტეტები და დავიცვათ საერთო ინტერესები, რაც საბოლოო ჯამში დადებით ცვლილებებს ჩაუყრის საფუძველს“.

ბორჯომის შეხვედრის შემდეგ მსგავსი ღონისძიებები ყაზბეგში, ქედასა და ხულოში გაიმართება. ყველა შეხვედრა ტარდება ევროკავშრის მხარდაჭერით და UNDP-ის ხელშეწყობით, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA) თანამშრომლობით.

სოფლის განვითარების პირველი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველომ ევროკავშირის და UNDP-ის მხარდაჭერით 2017 წელს მიიღო. სტრატეგიით განისაზღვრა სოფლის განვითარებისთვის სამი პრიორიტეტული მიმართულება: ეკონომიკური ზრდა და კონკურენტუნარიანობა, ცხოვრების სტანდარტები და სოციალური მდგომარეობა, და გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა. მხოლოდ 2018 წელს, სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელების შედეგად საქართველოს რეგიონებში ინიციატივებისა და აქტივობების მთელი რიგი შესრულდა, რითაც თითქმის 200 ათასმა მაცხოვრებელმა ისარგებლა. განხორციელებულ საქმიანობას შორისაა სტარტაპებისა და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის დაფინანსების გაზრდა, 1,440 ჰექტარზე ირიგაციის გაუმჯობესება, 40 მუნიციპალიტეტში საოჯახო სასტუმროებისა და ტურისტული ობიექტების ხელშეწყობა, გზების, სკოლების, სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა ახალციხეში, მარტვილსა და სენაკში, ეკო-ტურიზმისა და გარემოსდაცვითი განათლების მხარდაჭერა და სხვა.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179.5 მილიონი ევრო. მისი ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

  • თამარ ხუნწარია, ENPARD საქართველო, +995 595 989916, tamar.k@actionprgroup.com
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • ეთერ ცოტნიაშვილი, CiDA, +995 500 512215, etuna@cida.ge