ძლიერი და კონკურენტუნარიანი ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოში

ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ინოვაციური პროექტი ხელს უწყობს საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას

20 November 2019

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

საქართველოს კერძო კომპანიების, ბიზნეს ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო დაინტერესებულ მხარეთა ფორუმს, რომელიც დღეს თბილისში გაიმართა. ღონისძიების მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებმა.

ფორუმის ორგანიზატორი იყო ევროკავშირი (EU) გაეროს ოთხ სააგენტოსთან თანამშრომლობით - გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციასთან (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM). ღონისძიება გაიმართა მათი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას ემსახურება.

ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს კერძო სექტორის განვითარების თანამედროვე მიმართულებებზე, მათ შორის, ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე კლასტერების შექმნის გზით.

ბიზნეს კლასტერებს, ანუ ერთ სფეროში მომუშავე ბიზნესების, მიმწოდებლებისა და ამ სფეროსთან ასოცირებული სხვა კომპანიების ქსელებს, შეუძლიათ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანონ კონკრეტული სექტორის განვითარებას. მათი მეშვეობით შესაძლებელია მიწოდების ჯაჭვის ხარჯების შემცირება, ახალი კომპანიების შექმნის სტიმულირება და ინოვაციის, თანამშრომლობისა და პროდუქტიულობის გაზრდა.

სამუშაო სესიების მსვლელობისას ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ბიზნესის კლასტერების შექმნის პერსპექტივები, გამოწვევები და შესაძლებლობები შეფუთვის, სანერგეების, გადამამუშავებელ და აგროსამრეწველო სექტორებში. მათ იმსჯელეს გარემოსადმი პასუხისმგებელი ბიზნესის განვითარებაზე, რაც საქართველოს ნარჩენების მართვის ახალი კოდექსის მიღებას, მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის  დანერგვას და ენერგოეფექტურობისადმი გაზრდილ მოთხოვნებს უკავშირდება. ფორუმის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ქართული დიასპორის როლზე საქართველოს ბიზნესის ევროპულ ბაზარზე დამკვიდრების საკითხებში.

ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელიც გაეროს ოთხი სააგენტოს მიერ ხორციელდება. პროექტში ჩართულები არიან კერძო კომპანიები, დარგობრივი ბიზნეს ასოციაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული ასოციაციები და სავაჭრო გაერთიანებები. პროგრამა, რომლის სრული ბიუჯეტი 6 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის პროექტი საქართველოს ბიზნესის უფრო ფართო ხელშეწყობის EU4Business ნაწილია, რომლის ფარგლებში ევროკავშირი ხელს უწყობს ქართულ მეწარმეობას, საკანონმდებლო ველის გაუმჯობესებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცებას.   

საკონტაქტო ინფორმაცია