საქართველოს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს საპარლამენტო საქმიანობას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესში

საპარლამენტო საქმიანობა სამი სტრატეგიული მიმართულებით წარიმართება - ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოება, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საზოგადოების ჩართულობა

15 April 2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ, დღეს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინეს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესში საპარლამენტო საქმიანობას განსაზღვრას.

სამოქმედო გეგმის წარდგენას, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა, საქართველოს პარლამენტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება კომპლექსური ამოცანაა, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს", - განაცხადა თამარ ხულორდავამ. „პარლამენტის ახალი სამოქმედო გეგმა ქმნის საპარლამენტო საქმიანობის ჩარჩოს, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობის შექმნას, შეთანხმების განხორციელების ზედამხედველობასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციას უკავშირდება", - დასძინა მან.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, აღნიშნა პარლამენტის გაზრდილი როლი ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების საქმეში.

„ევროკავშირი აღიარებს საქართველოს მიღწევებს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. „საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, საქართველოს პარლამენტი საკვანძო როლს ასრულებს შეთანხმების განხორციელების ზედამხედველობისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების უზრუნველყოფაში".

„ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს ამბიციურ და დროში მკაცრად გაწერილ დღის წესრიგს სთავაზობს“, - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში. „დეტალური სამოქმედო გეგმის არსებობა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ის პარლამენტის ორწლიან საქმიანობას განსაზღვრავს. სამოქმედო გეგმის შემუშავების შედეგად, პარლამენტს ზუსტი ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, თუ რა არის გასაკეთებელი, ვის მიერ და რა ვადებში, რაც იმის საწინდარია, რომ საქართველო მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს ევროკავშირთან ამ  საეტაპო შეთანხმებისგან“.

საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმა ეყრდნობა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით 2017 წელს ჩატარებულ საბაზისო კვლევას. სამოქმედო გეგმის დოკუმენტი საქართველოს პარლამენტის ბიურომ 2019 წლის 19 მარტს მიიღო. გეგმის მიზანია პარლამენტის როლის გაძლიერება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების საქმეში და ამ პროცესში ჩართული საპარლამენტო კომიტეტების ერთიანი სტრატეგიული მიდგომის ჩამოყალიბება. გეგმით განსაზღვრული საპარლამენტო საქმიანობის სამი სტრატეგიული მიზანი მოიცავს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოებას, ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობას  და საზოგადოებასთან კომუნიკაციას ევროინტეგრაციის შესახებ.

საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, შეთანხმება, ძალაში 2016 წლის ივლისში შევიდა. ამ დოკუმენტის მიღებამ კიდევ უფრო გააღრმავა საქართველოს პოლიტიკური ინტეგრირება და ეკონომიკური დაახლოება ევროკავშირთან. საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობა უნდა დაახლოვდეს 346 დირექტივასთან, 213 რეგულაციასთან, 57 გადაწყვეტილებასა და 31 რეკომენდაციასთან, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სტანდარტებთან. ახალი სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2020 წლის ბოლომდე ამ ვალდებულებათა თითქმის ნახევარი უნდა შესრულდეს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • მადონა ნოზაძე, საქართველოს პარლამენტი, mnozadze@parliament.ge
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, tamriko.mikadze@eeas.europa.eu