ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკა დაინერგება

1 July 2019

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

2019 წლის 27 ივნისს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიების ერთერთ ყველაზე ლამაზ და ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით მდიდარ მონაკვეთზე, არწივის ხეობაში, დასუფთავების აქცია გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია სახეობათა კონსერვაციის ცენტრი - ნაკრესი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.

დასუფთავების აქციაში ჩაერთვნენ ახალგაზრდული ეკო-ბანაკის მონაწილეები, მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები, გაეროს განვითარების პროგრამის, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეებმა არწივის ხეობაში არსებული ტურისტული მარშრუტები გაიარეს და ნაგვისგან დაასუფთავეს.

დასუფთავების აქცია უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია, რომელიც ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ნარჩენების მდგრადი მართვის დანერგვას ემსახურება.

ამ ინიციატივის ფარგლებში უკვე შეგროვდა დეტალური ინფორმაცია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე დანაგვიანებული ადგილების, ნარჩენების სახეების, მათი წარმოქმნის წყაროებისა და შესაბამისი საფრთხეების შესახებ, მომზადდა ნარჩენებთან დაკავშირებული თემატური რუკები, მონაცემთა ბაზა და ნარჩენების მართვის გეგმის წინასწარი ვერსია. გარდა ამისა, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელობასთან, მესაზღვრეებთან, ფერმერებთან და რეინჯერებთან, შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი  ორგანიზაციის “ახალი ჰორიზონტი” ბაზაზე, ხოლო ტურისტული მარშრუტები გაიწმინდა ნარჩენებისგან.

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა (GEF  SGP) საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და გარემოსდაცვით საქმიანობაში მოქალაქეებისა და სათემოების ჩართვას ემსახურება.

საქართველოში GEF მცირე გრანტების პროგრამა 2012 წლიდან ხორციელდება. მას შემდეგ პროგრამის ფარგლებში ორმოცდაათზე მეტი წარმატებული პროექტი შესრულდა, ხოლო მისმა მთლიანმა ბიუჯეტმა 1,6 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

საკონტაქტო ინფორმაცია

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP