UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველომ მიიღო ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის პირველი სტრატეგია

შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული დახმარება ხელს უწყობს სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გავრცელების გაუმჯობესებას

5 December 2019

ფოტოს წყარო: საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, საქსტატმა, დღეს წარადგინა ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების პირველი სტრატეგია, რომელიც 2020-2023 წლებს მოიცავს. საქართველოს ეროვნული პოლიტიკის ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი სამთავრობო უწყებებთან კოორდინირებით და საერთაშორისო სტატისტიკური ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა. სტრატეგიის შემუშავება განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით განხორციელდა.

სტრატეგიის საჯარო წარდგენას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

“სტრატეგიული დოკუმენტის  მიზანია ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის განვითარება, სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, გავრცელებისა და გამოყენების გაუმჯობესება“, - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. „ამასთან, აღნიშნული სტრატეგია განიხილება, როგორც ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით და მოიცავს საშუალო და გრძელვადიან ხედვას ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის.“

„მომხმარებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება, მონაცემთა შეგროვებისა და გავრცელების თანამედროვე სისტემების შექმნა და შესაძლებლობების განვითარება მნიშვნელოვანი იქნება სტატისტიკის არეალის გაფართოებისა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულების მიმართულებით“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატის უფროსმა გიორგი სახოკიამ.

“ობიექტური და სანდო ოფიციალური სტატისტიკის გარეშე საქართველო სწორად ვერ შეაფასებს საკუთარ წარმატებას ქვეყნის პრიორიტეტული ამოცანების შესრულების, მათ შორის, ევროკავშირთან ინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე. "- თქვა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. “ახალი სტრატეგიის განხორციელების შედეგად, საქართველო მიიღებს ყველა აუცილებელ მონაცემს და შესძლებს გაარკვიოს, სად და როგორ უნდა დაკორექტირდეს მისი განვითარების კურსი წარმატების მისაღწევად”.

საქსტატის მონაცემებს ეყრდნობა ბევრი საერთაშორისო კვლევა და შეფასება, მათ შორის, ჰუმანური განვითარების ყოველწლიური ანგარიში, რომლის წლევანდელ გამოცემას UNDP მომავალ კვირას წარადგენს.“

ღონისძიების მსვლელობისას საერთაშორისო ექსპერტმა, ჯერი ო’ჰანლონმა, წარადგინა 2018-2019 წლებში ევროსტატის, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) მიერ განხორციელებული სტატისტიკის სისტემის გლობალური შეფასების რეკომენდაციები და მათი სტრატეგიის ძირითად მიზნებსა და ამოცანებთან  შესაბამისობა. შეხვედრის დასასრულ გაიმართა დისკუსია საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის შემდგომი განვითარების შესახებ.

სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი სტატისტიკური სისტემის სამ ძირითად პრიორიტეტს, მასში შემავალ თორმეტ ამოცანასა და 86 აქტივობას  მოიცავს. პრიორიტეტებს შორის არის მომხმარებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება, სტატისტიკის წარმოების ეფექტური, თანამედროვე და უწყვეტი პროცესების ჩამოყალიბება და სტატისტიკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და შესაძლებლობების განვითარება.

საქსტატის სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის კოორდინაციის მიზნით, 2019 წლის აპრილში შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი თავმჯდომარეობდა და თერთმეტი უწყების წარმომადგენლისგან შედგებოდა.

სტრატეგიის დოკუმენტი ხელმისაწვდომია საქსტატისა და UNDP-ის ვებგვერდებზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ბორის ეზუგბაია, საქსტატი, +995 32 2367210 ext.100, +995 5999 714407, bezugbaia@geostat.ge
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • ირა სულავა, UNDP საქართველო, +995 599 579105, irine.sulava@undp.org