საქართველოს პარლამენტი ხელს უწყობს საკანონმდებლო ღიაობასა და მდგრად განვითარებას

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი განიხილავენ ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმასა და საქართველოს პარლამენტის სტრატეგიას მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ

16 March 2019

ფოტოს ავტორი: საქართველოს პარლამენტი

2019 წლის 14-16 მარტს, საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოსა და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის სამდღიან შეხვედრაზე, გაიმართა მსჯელობა ღია მმართველობისა და მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ. ღონისძიება შედგა ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით.

საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე იმსჯელეს და მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში საქართველოს პარლამენტის სტრატეგია განიხილეს.

“2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ღიაობის, გამჭვირვალობის, ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების განვითარების მიმართულებით,“ - აღნიშნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ. “ღია პარლამენტის მესამე სამოქმედო გეგმა, რომელიც 2018-2019 წლებს მოიცავს, ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციების შედეგს წარმოადგენს და ჩვენს სამომავლო ვალდებულებებს განსაზღვრავს - ახალი მექანიზმების შექმნას მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად და პარლამენტის როლის გაძლიერებას მდგრადი განვითარების ეროვნული  მიზნების მისაღწევად“.  

ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის მიმოხილვის შემდეგ გაიმართა მსჯელობა საქართველოს პარლამენტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ  მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში. აღნიშნული დოკუმენტები შვედეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მომზადდა. ჯგუფური განხილვების მსვლელობაში, რომლებსაც გაეროს კონსულტანტი, რუსუდან ტუშური, უძღვებოდა, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტებსა და საქმიანობაზე, რომლებიც მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგის განხორციელებას უკავშირდება.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კომუნიკაციების მენეჯერმა, მერი მახარაშვილმა, წარადგინა ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, და საქართველოს პარლამენტის სოციალური მედიის საკომუნიკაციო კონცეფცია, რომელიც ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის  (UNDP) ხელშეწყობით მომზადდა.

სამდღიანი შეხვედრის დასასრულს გაიმართა სემინარი ჟურნალისტებისათვის, რომელსაც ოცდაორი ბეჭდვითი, სამაუწყებლო და ონლაინ მედია საშუალების წარმომადგენელი დაესწრო. ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს წევრებმა გააცნეს ჟურნალისტებს საქართველოს მიღწევები ღია მმართველობის სფეროში და უპასუხეს მათ შეკითხვებს მიღწეული წარმატებებისა და არსებული გამოწვევების შესახებ.  

საკონტაქტო ინფორმაცია