მეოთხე ეროვნული კიბეროლიმპიადა CyberCube 2019

120 ახალგაზრდა მონაწილეობს მეოთხე ყოველწლიურ კიბეროლიმპიადაში CyberCube 2019

31 May 2019

ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და სკოლების 120-მდე სტუდენტმა  მონაწილეობა მიიღო მეოთხე ყოველწლიურ კიბეროლიმპიადაში CyberCube 2019, რომელიც 31 მაისს თბილისში გაიმართა. კიბეროლიმპიადის ორგანიზატორია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს (DEA) კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი (CERT.GOV.GE).

კიბეროლიმპიადის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ბრიტანეთის მთავრობა და ბიზნეს პარტნიორები და სპონსორები: საქართველოს უნივერსიტეტი, ISSP და GRENA.

ოლიმპიადა გახსნეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემ; მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გაგნიძემ; ბრიტანეთის საელჩოს კარგი მმართველობის ხელმძღვანელმა, სუზი სტერნმა, და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიგი ბრეგაძემ.

„კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია შესაბამისი კომპეტენციის მქონე პროფესიონალების არსებობა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებში. დღევანდელი ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან კიბერუსაფრთხოებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საშულება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადაში და გამოსცადონ საკუთარი  შესაძლებლობები,“ აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

წელს კიბეროლიმპიადა CyberCube 2019 მეოთხედ ტარდება. 25 წლამდე ასაკის მონაწილეების შერჩევა ეყრდნობა მათ ცოდნასა და გამოცდილებას პროგრამირებაში, ქსელურ და ვებ ტექნოლოგიებში.

ნიკოლოზ გაგნიძემ, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ, ხაზი გაუსვა ყოველწლიური კიბეროლიმპიადის მნიშვნელობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადების საქმეში.

„წლიდან წლამდე ვაკვირდებით ოლიმპიადის მონაწილეთა უნარების განვითარების პროცესს, მათი მომზადების დონის ზრდას და, რაც მთავარია, ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტ ახალგაზრდას სურს პროფესიული საქმიანობის დაწყება კიბერუსაფრთხოების სფეროში,“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგნიძემ.

კიბეროლიმპიადაში მონაწილე 42 გუნდი ერთმანეთს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული კიბერინციდენტების შედეგების აღმოფხვრის, ასევე კიბერკრიზისული სიტუაციების პრევენციის საუკეთესო გზების მოძიებაში ეჯიბრება. მათ შორისაა კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემები და ჰაკერული თავდასხმები. ამოცანები საერთაშორისო პრაქტიკასა და CERT.GOV.GE-ის გამოცდილებას ეფუძნება.

„კიბერ-უსაფრთხოება აღარ წარმოადგენს მხოლოდ ტექნოლოგიურ გამოწვევას. ის უკვე განვითარებისა და მომავლის გამოწვევად იქცა, რაც თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს. სასიხარულოა, რომ საქართველოს განვითარებაში ამდენი ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდა ერთვება,“ აღნიშნა გიგი ბრეგაძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობა ხელს უწყობენ CyberCube 2019-ის ჩატარებას, მათი ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება.    

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • ხატია ლუტიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, +995 598 561327, khlutidze@justice.gov.ge
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • ირა სულავა, UNDP საქართველო, +995 579 105, irine.sulava@undp.org