საქართველოში დაიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი EU4Climate

პროექტი EU4Climate - ევროკავშირი კლიმატისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში განხორციელდება

22 April 2019

ევროკავშირის პროექტი EU4Climate აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში შესრულდება. მისი მიზანია კლიმატთან დაკავშირებული პოლიტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესება და კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის შემცირება.

ექვსივე ქვეყანაში პროექტი EU4Climate გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და ეროვნულ მთავრობებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი შედგება ევროკავშირის დაფინანსებისგან (8 მილიონი ევრო) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანადაფინანსებისგან (800 ათასი ევრო).

„საქართველოს მთავრობა მიესალმება საერთაშორისო თანამშრომლობას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. “ყველა სექტორში აქტიური ძალისხმევის შედეგად საქართველო შეძლებს პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას და 2030 წლისათვის სათბური გაზების ემისიების 40%-იან შემცირებას 1990 წლის დონის მიმართ“.

„კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა ალექსანდრე დარასმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორმა. „ახალი პროექტის ფარგლებში ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებაში და პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ჩვენ ხელს შევუწყობთ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას და გარემოსა და ადამიანებზე უარყოფითი გავლენის შემცირებას“.

ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ხაზი გაუსვა, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ძალისხმევა ხელს უწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარებას.

„კლიმატის ცვლილება მყისიერ და გონივრულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, იქნება ეს ტყეების შენარჩუნება, თუ წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების ხმარებიდან ამოღება“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა. „UNDP-ის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ განვითარების მწვანე გზას მრავალმხრივი უპირატესობა გააჩნია, მათ შორის ეკონომიკური ზრდის წახალისებისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით“.

ევროკავშირის პროექტი EU4Climate ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას პარიზის შეთანხმების ფარგლებში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესახებ ინფორმაციის განახლებაში და გაეროს კლიმატის კონვენციით განსაზღვრული სტრატეგიების შემუშავებაში. გარდა ამისა, საქართველოში ჩამოყალიბდება გაზომვის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის ეროვნული სისტემა, რომელიც პარიზის შეთანხმების შესრულებას შეუწყობს ხელს.

პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველო შეძლებს კლიმატის ძალისხმევისათვის საჭირო სახსრების მოპოვებას და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ზომების დაგეგმვას.

ევროკავშირის პროექტი EU4Climate აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში წარსულში შესრულებული ინიციატივების  შედეგებს ეყრდნობა. მათ შორისაა მასშტაბური რეგიონული პროგრამა ClimaEast, რომელიც 2013 - 2017 წლებში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ზომების გატარების მიზნით განხორციელდა. საქართველოში პროგრამამ ClimaEast ხელი შეუწყო ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებში განლაგებული საძოვრების  რეაბილიტაციასა და შენარჩუნებას.           

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, tamriko.mikadze@eeas.europa.eu
  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge , +995 599 502619