რატომ იკავებენ თავს ჩარევისგან ოჯახში ძალადობის შემსწრეები?

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალ კვლევაში შესწავლილია ოჯახში ძალადობის შემსწრეთა ქცევა

4 December 2019

Photo: UNDP

ოჯახური ძალადობის შემსწრეები რეაგირებისაგან თავს იკავებენ, რადგან თვლიან რომ მათ ჩარევის უფლება არა აქვთ, ან უბრალოდ არ იციან, რა სახის დახმარება შეუძლიათ გაუწიონ ძალადობის მსხვერპლებს. ასეთია კვლევის შედეგები, რომლებიც დღეს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) და ჩეხეთის საელჩოსთან თანამშრომლობით გამოაქვეყნა.

კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოში ყოველ მეშვიდე ქალს ოჯახური ძალადობა განუცდია. ამის გათვალისწინებით აშკარაა, რომ მსხვერპლთა დახმარების, პოლიციასთან დაკავშირებისა და მოძალადეთა პასუხისმგებლობის დაყენების მექანიზმების გაუმჯობესება ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ოჯახში ძალადობის შემსწრეებმა - ნათესავებმა, მეგობრებმა და მეზობლებმა - როგორც წესი, იციან მომხდარის შესახებ, თუმცა ჩარევისგან თავს იკავებენ. ქცევის ამ მოდელის შესაცვლელად, აუცილებელია მისი მიზეზების დადგენა. UNDP-ის კვლევის მთავარი მიზანიც სწორედ ესაა.  

ინოვაციური მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევა 400 რესპონდენტის პირად ისტორიებს, ნარატივებს, ეყრდნობა. კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა ნახევარს უცდია ოჯახურ ძალადობაზე რეაგირება და, მათი თქმით, ეს სასიკეთოდ აისახა მსხვერპლის მდგომარეობაზე. რაც შეეხება იმ რესპონდენტებს, რომლებმაც ჩარევისგან თავი შეიკავეს, მათი უმეტესობა აცხადებს, რომ არ იცოდნენ, თუ როგორ უნდა დახმარებოდნენ მსხვერპლს, ან თვლიდნენ, რომ ეს მათი საქმე არ იყო. ბევრ ნარატივში გამოჩნდა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები ხშირად თავად ამბობენ უარს დახმარებაზე და პოლიციის ჩარევას ეწინააღმდეგებიან.  

„კვლევამ დაადასტურა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ოჯახში ძალადობას პირად საქმედ მიიჩნევს და ვერ აღიქვამს ამ „ოჯახურ“ ამბავს, როგორც დანაშაულს, რომელიც პოლიციის ჩარევას საჭიროებს,“ - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „სამწუხაროდ, ასეთ დამოკიდებულებას შეიძლება ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კვლევის შედეგები იმ აუცილებელი ზომების შემუშავებას წაადგება, რომლებიც ძალადობის შემსწრეთა რეაგირებას  წაახალისებს.“

„საქართველოში ყოველ მეშვიდე ქალს განუცდია ოჯახური ძალადობა. კვლევის შედეგების საფუძველზე შეიძლება ვიმსჯელოთ, იმის  შესახებ, თუ რა უბიძგებს ოჯახში ძალადობის შემსწრეებს მოქმედებისკენ, რა აბრკოლებს მათ მოქმედებას და რა სახის დახმარების გაწევა შეუძლიათ მათ ძალადობის მსხვერპლებისთვის,“ - აღნიშნა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ.

საინტერესოა, რომ იმ რესპონდენტების დიდმა ნაწილმა, ვინც ოჯახურ ძალადობაში ჩაერია, გადაწყვიტა, რომ, შესაბამის უწყებებთან დაკავშირების ნაცვლად, თავად დაპირისპირებოდა მოძალადეს. გამოკითხულთა მხოლოდ მცირე ნაწილმა, 23%-მა დარეკა 112-ში და სხვა ცხელ ხაზებზე. 22%-მა განაცხადა, რომ არ იცოდა, ვისთვის მიემართა დახმარებისთვის, ხოლო  29%-მა ჩათვალა, რომ დახმარების არსებული სამსახურები პრობლემას ვერ მოაგვარებდა.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლების დასახმარებლად არსებულ ცხელ ხაზებზე და სამსახურებზე საზოგადოებაში მეტი ინფორმაცია უნდა გავრცელდეს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე 112-ში მიმართვიანობა ბოლო დროს გაიზარდა. 2013 წელს ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით 5,500 ზარი დაფიქსირდა, ხოლო 2016 წელს - 18,000 ზარი.

ოჯახური ძალადობის შემსწრეთა ქცევის კვლევა კახეთისა და გურიის რეგიონებში ჩატარდა. კვლევა  განხორციელეს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) ქცევითი მეცნიერების შემსწავლელ საერთაშორისო ორგანიზაციასთან „Behavioral Insights Team – USA“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ჩეხეთისა და დანიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით. 

კვლევის შედეგების წარდგენა გაიმართა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გაეროს 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, რომლის წლევანდელი თემაა „ყველა ქალს აქვს სათქმელი“.

საკონტაქტო ინფორმაცია