კლიმატურ საფრთხეებთან ბრძოლაში საქართველოს მუნიციპალიტეტები ჩაერთვებიან

UNDP-ის ხელშეწყობით გაიმართა სათემო ფორუმი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოების შესახებ

20 December 2019

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებისა და რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა საქართველოს ცამეტი მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა მიიღეს სათემო ფორუმში, რომელიც 19-20 დეკემბერს კაჭრეთში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს კლიმატური საფრთხეების შესახებ და ადგილობრივ დონეზე მათთან გამკლავების გზები განიხილეს.

ფორუმის ორგანიზატორი იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ი „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, ხოლო მხარდამჭერები - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) და შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობები.

სათემო ფორუმი ჩატარდა ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც კლიმატური კატასტროფებისგან საქართველოს მოსახლეობის დაცვას ემსახურება. 74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა 2019 წელს დაიწყო და საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზებში შვიდი წლის მანძილზე განხორციელდება. პროგრამის შესრულების შედეგად გაიზრდება საქართველოს მედეგობა კლიმატური საფრთხეების მიმართ, ხოლო 1.7 მილიონი ადამიანი უკეთ იქნება დაცული წყალდიდობისგან, წყალმოვარდნისგან, გვალვისა და სხვა კლიმატური საფრთხეებისგან.

,,მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა უმნიშვნელოვანესია ამ უპრეცედენტო ეროვნული პროგრამის მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა. „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები ჩვენი საერთო საფრთხეა, ხოლო მათთან გამკლავება სისტემურ მიდგომასა და ყველა ჩვენგანის მონაწილეობას მოითხოვს“.

„ხშირად ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ბუნებრივი კატასტროფებისგან დაცვა მხოლოდ დედაქალაქში არსებული ცენტრალური სტრუქტურების პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობა, რა თქმა უნდა, საკვანძოა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის როლი ასევე მეტად მნიშვნელოვანია როგორც პრევენციის, ასევე კატასტროფებზე რეაგირების თვალსაზრისით“.  

სათემო ფორუმის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროგრამის საკვანძო შემადგენლებზე, როგორიცაა სატელიტური ტექნოლოგიების გამოყენება კლიმატური კატასტროფების მაღალი რისკის მქონე მონაკვეთების გამოსავლენად; ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების პროგნოზირების დახვეწა; ადრეული გაფრთხილების ეროვნული სისტემის შექმნა; მოსახლეობის ინფორმირება, განათლება და ცნობიერების გაზრდა; დამცავი ინფრასტრუქტურის შექმნა და სხვა სტრუქტურული ზომების გატარება კლიმატური კატასტროფებისგან დაცვის მიზნით.  

პროგრამის ფარგლებში უკვე განისაზღვრა, რომ ცამეტ მუნიციპალიტეტში, რომელთა წარმომადგენლებმა სათემო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა - ლაგოდეხში, სიღნაღში, ახმეტაში, გორში, თელავში, აბაშაში, სენაკში, სამტრედიაში, ხობში, ქობულეთში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში - კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის განსაკუთრებით მაღალია. პროგრამის მიერ განსაზღვრულ დახმარებას ეს მუნიციპალიტეტები პირველ რიგში მიიღებენ, ხოლო სულ პროგრამის შედეგებით საქართველოს 100 მუნიციპალიტეტი ისარგებლებს.

ფორუმის მსვლელობისას განსაკუთრებით აღინიშნა სამთავრობო უწყებებს  შორის კომუნიკაციის, კოორდინირებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა კლიმატური კატასტროფების რისკის შემცირების საქმეში. ფორუმის მუშაობაში ჩაერთნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ი „გარემოს ეროვნული სააგენტო“, ეროვნული უშიშროების საბჭო, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-ი „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი.     

ფორუმში ასევე მიიღეს მონაწილეობა ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.

სათემო ფორუმის მონაწილეთა გამოსვლებმა და ფორუმზე გამართულმა დისკუსიამ ნათლად აჩვენა, რომ კლიმატური კატასტროფების საფრთხე მეტად მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია საქართველოს მოსახლეობისთვის, ხოლო კლიმატისადმი მედეგობა და კატასტროფებისგან  დაცვა ერთერთი საკვანძო პრიორიტეტია.  

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@undp.org
  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge