ბიზნეს ბუთკემპი ხელს უწყობს სოფლად მეწარმეობის განვითარებას

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარს უჭერენ ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელებას აჭარაში

26 November 2019

ფოტოს წყარო: UNDP

22-24 ნოემბერს ჩაქვმა უმასპინძლა კრეატული ბიზნეს სტარტაპების საწვრთნელ ბანაკს, ანუ ბუთკემპს, რომლის მუშაობაში 40-მდე ადგილობრივი მეწარმე ჩაერთო. ბუთკემპის მიზანი იყო ინოვაციური ბიზნეს იდეების გამოვლენა და მათი ავტორების ხელშეწყობა იდეების განხორციელების რეალისტური გზების შემუშავებაში. ძირითად ყურადღება დაეთმო სოფლად ახალი ტიპის მეწარმეობის ჩამოყალიბებას, რომელიც სოფლის მეურნეობის ფარგლებს გასცდებოდა.

ბუთკემპი ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით, პროგრამის ENPARD ფარგლებში, ხოლო მისი უშუალო ორგანიზატორი იყო გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობით.

ბუთკემპის მსვლელობაში გაიმართა ინსპირაციული გამოსვლები, მასტერ-კლასები, ტრენინგი, ბიზნესის მოდელირებისა და პროტოტიპების შექმნის სავარჯიშოები. ამ ინტენსიური პროგრამის მონაწილეებმა  ბიზნესის დაგეგმვის ყველა ეტაპი გაიარეს - იდეას შექმნიდან მის ხორცშესხმამდე, ხოლო ინტერაქტიული სავარჯიშოების შედეგად მიიღეს ინფორმაცია ბიზნესის წარმოების ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა პოტენციური კლიენტურის შესწავლა, ადგილობრივი ბაზრის შეფასება, მარკეტინგული და მედია სტრატეგიების შემუშავება და რესურსებისა და პარტნიორების გამოვლენა.

ბუთკემპზე მოწვეულ გამომსვლელებსა და მენტორებს შორის იყვნენ წარმატებული ბიზნესის მფლობელები, ბიზნეს მენეჯერები და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიონალები. მათი ხელშეწყობით ბუთკემპის მონაწილეებმა ობიექტურად შეაფასეს თავისი ბიზნეს იდეები და გაეცნენ თანამედროვე მიმდინარეობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

ბიზნეს იდეების შეფასება განხორციელდა Business Model Canvas მოდელზე დაყრდნობით, რომელიც ახალი ბიზნესის შესაძლებლობებისა და რისკების შეფასებისას გამოყენება. Business Model Canvas ეფექტიანი მიდგომაა, რომელსაც ბევრი კომერციული და სახელმწიფო სტრუქტურა მიმართავს, მათ შორის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო.

ბუთკემპის ბოლო დღე მონაწილეების მიერ შემუშავებული ბიზნეს იდეების განხილვასა და შეფასებას დაეთმო. ცამეტი გამარჯვებული იდეის ავტორები ბიზნეს გეგმებს შეიმუშავებენ, რაშიც მათ UNDP-ის ხელშეწყობით დაარსებული ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი დაეხმარება. დამწყები მეწარმეებისთვის ეს კარგი შესაძლებლობა იქნება, მიიღონ სასტარტო დახმარება სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც UNDP ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.

აჭარაში ჩატარებული ბუთკემპი სოფლად არაფერმერული ბიზნესის ხელშეწყობის საპილოტე ინიციატივაა. მის შედეგებზე  დაყრდნობით, მსგავსი მოდელი საქართველოს სხვა რეგიონებშიც დაინერგება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაცია პროგრამაზე ENPARD ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: www.enpard.ge

საკონტაქტო ინფორმაცია