ადამიანური რესურსების მართვის სრულყოფა

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სისტემის რეფორმას

20 November 2019

ფოტოს წყარო: UNDP

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის ოცდაათამდე თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო სამდღიანი ტრენინგში ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული სწავლების თანამედროვე სისტემებისა და მეთოდების საკითხებში. ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის ხელშეწყობით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, პროგრამის ENPARD ფარგლებში. ტრენინგის ჩასატარებლად მოწვეული იყო საერთაშორისო კომპანია PricewaterhouseCoopers Georgia.

„ამ სასწავლო პროცესში მონაწილეობის შედეგად უკეთ გავიგეთ ჩვენი თანამშრომლების მოთხოვნები და მისწრაფებები, რომლებიც ადამიანური რესურსების მართვასა და სწავლებასა და განვითარებას უკავშირდება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა. „სამინისტროსთვის სწავლება და განვითარება საორგანიზაციო რუტინის ნაწილია და არა ერთჯერადი საქმიანობა. ჩვენი თანამშრომლების მოლოდინია, რომ სამინისტრო მისცემთ მათ უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას, რაც მათი კომპეტენციის გაუმჯობესებასა და ინოვაციების დანერგვას შეუწყობს ხელს“.

ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს მაღალი კლასის პროფესიონალების დაინტერესებისა და სამსახურში შენარჩუნების გზები. მათ ასევე იმსჯელეს ადამიანური რესურსების მართვის როლზე თანამშრომლების ხელშეწყობის საქმეში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერა საქართველოს სოფლის განვითარების უფრო ფართო ხელშეწყობის ნაწილია, რომელსაც ევროკავშირი, UNDP-თან თანამშრომლობით ახორციელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მხრივ ძირითადი ეროვნული პარტნიორია. ის სათავეში უდგას საქართველოს მთავრობის კონსოლიდირებულ ძალისხმევას სოფლის განვითარების საკითხებში სამოქალაქო საზოგადოებასთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. მეტი ინფორმაცია პროგრამაზე ENPARD ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: www.enpard.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge
  • თამარ ხუნწარია, ENPARD საქართველო, +995 595 989916, tamar.k@actionprgroup.com
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org