ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ნარჩენები სათბური აირების გაფრქვევის მთავარი წყაროებია

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით საქართველო წარადგენს მეორე ორწლიურ ანგარიშს კლიმატის ცვლილების შესახებ

18 December 2019

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

საქართველოში სათბური აირების გაფრქვევის მთავარ წყაროს ენერგეტიკის სექტორი წარმოადგენს, რომელზეც ემისიების ნახევარზე მეტი მოდის. სოფლის მეურნეობა, წარმოება და ნარჩენები შემდეგ სამ პოზიციას იკავებენ, თუმცა ბოლო წლებში ამ სექტორებიდან წარმოშობილი ემისიების წილი თანდათან იზრდება. სათბური აირების გაფრქვევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1990 წელს აღინიშნებოდა, ხოლო საბჭოთა დროინდელი წარმოების კოლაფსის შემდეგ თითქმის სამჯერ შემცირდა. ბოლო ათი წლის მანძილზე სათბური აირების გაფრქვევა უმნიშვნელოდ გაიზარდა, თუმცა 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით კვლავ  საგრძნობლად ნაკლებია.

სათბური აირების გაფრქვევის მაჩვენებლები და  კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია წარმოდგენილია მეორე ორწლიურ ანგარიშში, რომელიც საქართველომ კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ წარადგინა. ანგარიში საქართველოს მთავრობის მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF)  ხელშეწყობით მომზადდა, ხოლო მისი საჯარო წარდგენა 2019 წლის 18 დეკემბერს გაიმართა.

„გაეროს კონვენციის მიმართ ანგარიშის მომზადება მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეროვნული პოლიტიკის გასატარებლად“, - განაცხადა საქართველოს გარემოს  დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა. „უახლეს ანგარიშში მოყვანილია საყურადღებო ინფორმაცია სათბური აირების გაფრქვევის 25-წლიანი დინამიკის შესახებ, ასევე საქართველოს არსებული საჭიროებები და მომავალში გასატარებელი ღონისძიებები  კლიმატისადმი მედეგი ქვეყნის მშენებლობის გზაზე“.

„2019 წელი საკვანძო თარიღია პარიზის შეთანხმების შესრულებაში, რადგან მსოფლიოს ქვეყნებმა უნდა განაახლონ შეთანხმების ფარგლებში აღებული ეროვნული ვალდებულებები სათბური აირების გაფრქვევის შემცირებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ. „საქართველო  მზადაა ამ მიმართულებით უფრო ამბიციური გეგმები დაისახოს და მწვანე ეკონომიკის განვითარებისკენ  შემდგომი ნაბიჯები გადადგას, რაშიც მას გაეროს განვითარების პროგრამა დაეხმარება“.  

კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის მიმართ ორწლიური ანგარიშების მომზადება საქართველომ 2016 წელს დაიწყო. ანგარიშების მიზანია სათბური აირების ინვენტარიზაცია და კლიმატის ცვლილების შერბილებასთან დაკავშირებული ეროვნული პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების აღწერა.

საქართველოს უახლესი ორწლიური ანგარიში 2017-2019 წლებში მომზადდა. ის შეიცავს განახლებულ ინფორმაციას სათბური აირების გაფრქვევის წყაროების თაობაზე და გაზომვის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის (MRV) ეროვნული სისტემის აღწერას. აქვე წარმოდგენილია ინფორმაცია შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ზომების შესახებ, რომლებიც კლიმატის ცვლილების შერბილებას ემსახურება. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაძლებელია სათბური აირების გაფრქვევის დინამიკის გამოვლენა, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ფინანსირების მონიტორინგი და კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილების მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგების შეფასება.

ორწლიურ ანგარიშში აღწერილია საქართველოს გამოწვევები კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის გზაზე. მათ შორის, ფრაგმენტირებული და არათანმიმდევრული კანონმდებლობა, გაუმართავი ინსტიტუციური მექანიზმები, არასაკმარისი ეროვნული დაფინანსება, ხარისხიანი კვლევისა და კლიმატისადმი მეგობრული ტექნოლოგიების ნაკლებობა.

ანგარიშის ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხება კლიმატის ცვლილების კომიტეტის შექმნას, რომლის ფუნქციებში შევა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების კოორდინირება.

საქართველოს მეორე განახლებული ორწლიური ანგარიშის შემუშავებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებები, სამოქალაქო საზოგადობა, აკადემიური და საგანმანათლებლო ინსტიტუტები და საერთაშორისო პარტნიორები. 2019 წლის ივნისში საქართველოს ანგარიშმა გაეროს კონვენციის სამდივნოს დადებითი შეფასება მიიღო.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს  დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • ირა სულავა, UNDP, +995 599 579105, irine.sulava@UNDP.org