საკანონმდებლო რეფორმების მიუხედავად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კვლავ ბარიერებს აწყდებიან

კონფერენცია „დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი“ აფასებს საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებს ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში

3 December 2019

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მიღებიდან ხუთი წლის შემდეგ საქართველოს ჯერაც  სრულად არ გამოუყენებია ეს საკვანძო დოკუმენტი ქვეყნის ყოველდღიური რეალობის გარდაქმნისთვის, ამბობენ კონფერენციის „დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი“  მონაწილეები.

მრავალმხრივი და წარმომადგენლობით კონფერენცია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით დღეს გაიმართა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, 3 დეკემბერს, ეძღვნება.

კონფერენციის მომზადებისას შშმ პირები აქტიურად იყვნენ ჩართული სადისკუსიო თემების შერჩევაში, რაც სრულად შეესაბამება შშმ პირების უფლებადამცველი მოძრაობის მიერ წამოყენებულ გლობალურ პრინციპს - არაფერი ჩვენთვის ჩვენს გარეშე.

კონფერენციის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმებს, რომელთა გატარება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს კანონები და სახელმწიფო პრაქტიკა გაეროს კონვენციის პრინციპებთან შესაბამისობაში მოვიდეს, რაც ხელს შეუწყობდა როგორც საჯარო სივრცისა და სერვისების მეტ ხელმისაწვდომობას, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიქსის, გამოყენებას შშმ პირების უფლებების დაცვისთვის და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

„კანონით გათვალისწინებული გარანტიების მიუხედავად, შშმ პირები კვლავ საქართველოს საზოგადოების უხილავი ნაწილია, რომელიც დისკრიმინაციას ყოველდღიურად განიცდის“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ინკლუზიური გარემოს შექმნა და სტიგმის აღმოფხვრა, რომელიც შშმ პირების მარგინალიზაციას იწვევს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ერთიან ძალისხმევას მოითხოვს. ეს მდგრადი განვითარების მიზნების მთავარ პრინციპს შეესაბამება, რომლის მიხედვით განვითარების მიღმა არავინ უნდა დარჩეს“.

ასეთივე სულისკვეთებამ გაიჟღერა სხვა გამომსვლელების სიტყვებში, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, შვედეთის ელჩი ულრიკ თიდესტრომი, ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმითი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი, და პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი.    

საქართველოს გამოწვევები, რომლებიც შშმ პირების მდგომარეობას უკავშირდება, ხაზგასმულია უკანასკნელ წლებში გამოქვეყნებულ ანგარიშებში. საქართველოს სახალხო დამცველის უახლესი ანგარიში ამ მხრივ ექვს ძირითად პრობლემაზე მიუთითებს: 1) საჯარო სივრცის დაბალი ხელმისაწვდომობა, 2) ინფორმაციისა და სპეციალიზებული სერვისების ნაკლებობა, 3) ხარისხიანი ინკლუზიური განათლების არარსებობა, 4) დასაქმების შესაძლებლობების ნაკლებობა, 5) მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებების არასაკმარისი დაცვა, და 6) სარეაბილიტაციო პროგრამების დეფიციტი.

ამავე პრობლემებს ხაზს უსვამს UNDP-ის მიერ გამოქვეყნებული დამოუკიდებელი ანგარიში, რომელშიც შეფასებულია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა 2014 წლიდან დღემდე. შეფასებაში აღნიშნულია, რომ შრომის ბაზარზე დარეგისტრირებული 3,535 შშმ პირიდან მხოლოდ 161-მა შეძლო დასაქმება, ხოლო საჯარო სექტორის 53,109 თანამშრომელს შორის 2015 წელს მხოლოდ 122 იყო შშმ პირი.

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომელთა გატარება აუცილებელია შშმ პირების უფლებების დაცვის უზრუნველყოფისთვის. მათ შორისაა გაეროს კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირება, რაც შშმ პირების უფლებების დაცვისთვის კონკრეტულ მექანიზმებს შექმნიდა. ასევე, ეფექტიანი ხელსაწყოს შექმნა სამთავრობო უწყებების საქმიანობის კოორდინირებისთვის შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებში.    

კონფერენციაზე გამართული მსჯელობის ერთ-ერთი თემა იყო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საქმეში. ინოვაციურ მიდგომებზე მობილურობისა და ხელმისაწვდომობის მიმართ ისაუბრა ირაკლი ბერიძემ, რომელიც გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიქსის ცენტრს (UNICRI) ხელმძღვანელობს და კონფერენციის მუშაობაში ჰააგიდან ტელე-კონფერენციის მეშვეობით ჩაერთო. ხოლო საქართველოს ტექნოლოგიურ მიღწევები მიმოიხილეს მარიამ შარანგიამ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენელმა, და ნიკოლოზ კობახიძემ, ხელოვნური ინტელექტის ახლადშექმნილი ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ.

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გააკეთა განცხადება ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც 2020 წლის იანვარში დაიწყება და საქართველოში შშმ პირების სოციალურ დაცვას შეუწყობს ხელს. პროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო მის განხორციელებაში გაეროს ექვსი სააგენტო ჩაერთვება. პროგრამის განხორცილების შედეგად საქართველოს კანონმდებლობა მეტად შესაბამისი გახდება გაეროს კონვენციასთან. ასევე შემცირდება შშმ პირებთან დაკავშირებული სტიგმა, გაიზარდება დასაქმების შესაძლებლობები, ხოლო საჯარო სივრცე და სერვისები მეტად ხელმისაწვდომი გახდება შშმ პირებისთვის.

საკონტაქტო ინფორმაცია