საზოგადოების ნდობა საჯარო სამსახურის მიმართ კვლავ მაღალია არსებული გამოწვევების მიუხედავად

ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა დადებითად აფასებს სახელმწიფო სერვისებს, მაგრამ ასევე აღნიშნავს საჯარო სამსახურში პოლიტიკური გავლენების არსებობას

29 November 2019

ფოტოს ავტორი: ნინო ზედგინიდზე/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები დადებითად აფასებენ სახელმწიფო სერვისების ხარისხს. მიუხედავად ამისა, კვლევაში ასევე აისახა უარყოფითი ტენდენციები, რომლებიც საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოებისა და თავად  საჯარო მოხელეების დამოკიდებულებაში შეინიშნება და საჯარო  სამსახურის პოლიტიზირებას და მოხელეთა შერჩევასა და დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება.

2016 და 2019 წლებში ჩატარებული კვლევები ეყრდნობა მოქალაქეთა გამოკითხვისა და საჯარო მოხელეთა თვით-გამოკითხვის შედეგებს. როგორც 2016, ასევე 2019 წელს კვლევის ფარგლებში 2,400 მოქალაქე გამოიკითხა. 2016 წელს კვლევაში მონაწილეობა მიიღო 831-მა საჯარო მოხელემ, ხოლო 2019 წელს - 571-მა საჯარო მოხელემ. გამოკითხვასთან ერთად კვლევაში გამოყენებული იყო ჩაღრმავებული ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფების მეთოდები.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, საზოგადოების ნდობა საჯარო სამსახურის მიმართ კვლავ მაღალია, 67%, თუმცა 2016 წელთან  შედარებით აქ 4%-იანი კლება შეინიშნება. საჯარო მოხელეთა 80% ამაყობს თავისი საქმიანობით და ეს მონაცემი 2016 წლის შემდეგ პრაქტიკულად არ შეცვლილა. საჯარო მოხელეები დადებითად აფასებენ საჯარო მმართველობის ინსტიტუციურ რეფორმებს, მათ შორის მოხელეთა შეფასების სისტემის დანერგვას, რომელიც UNDP-სა და დიდი ბრიტანეთის ხელშეწყობით განხორციელდა.

მეორეს მხრივ, კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე შემცირდა საზოგადოების ნდობა საჯარო სამსახურის პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის მიმართ. მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საჯარო სამსახურში პროფესიონალები მუშაობენ შემცირდა 74%-დან 2016 წელს 58%-მდე 2019 წელს. ხოლო გამოკითხულ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ სახელმწიფო უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პოლიტიკური დაკვეთითაა განპირობებული გაიზარდა 34%-დან 2016 წელს 56%-მდე 2019 წელს.

ამავდროულად იკლო იმ საჯარო მოხელეთა რაოდენობამ, რომლებიც თვლიან, რომ სახელმწიფო უწყებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საზოგადოებრივ ინტერესს  ემსახურება - 67% 2016 წელს, 59% 2019 წელს. ხოლო გამოკითხულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საჯარო სამსახურში პროფესიონალები მუშაობენ, შემცირდა 50%-დან 41%-მდე.

„მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი საჯარო სამსახურის რეფორმის უმნიშვნელოვანესი შემადგენლებია“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმა საკმაოდ წარმატებულია რიგ მიმართულებებში, თუმცა გარკვეულ საკითხებში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ამ ტენდეციების ფონზე ორმაგი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ საჯარო მმართველობა საიმედოდ იყოს დაცული პოლიტიკური წნეხისგან“.

„კვლევის შედეგები ნათლად გვაჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია საჯარო მმართველობის რეფორმა. საზოგადოების ნდობა საჯარო სამსახურის მიმართ დემოკრატიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - აღნიშნა ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა. „კვლევის შედეგები გვაძლევს მთლიანობაში პოზიტიურ სურათს, მაგრამ ასევე მიუთითებს იმ სფეროებზე, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ. გაერთიანებული სამეფო, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, მზადაა კვლავაც შეუწყოს ხელი საქართველოს ძალისხმევას ძლიერი, პროფესიული და მიუკერძოებელი საჯარო სამსახურის მშენებლობის საქმეში“.

საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ კვლევა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით და ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. კვლევა ჩაატარა  ქართულმა კვლევითმა კომპანიამ „ეი-სი-თი“ 2019 წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში.

კვლევის რაოდენობრივი მონაცემები ხელმისაწვდომია UNDP-ის ვებ-გვერდზე, ხოლო ანალიტიკური ანგარიში მოგვიანებით, დეკემბერში გამოქვეყნდება.

2016 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევა „საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების დამოკიდებულება საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართ. 2016“ ასევე ხელმისაწვდომია UNDP-ის ვებ-გვერდზე.

საკონტაქტო ინფორმაცია