მეტი გამჭვირვალობა ადგილობრივ დონეზე

საქართველოს ექვსმა მუნიციპალიტეტმა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები შეიმუშავა

1 November 2019

გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე ადგილობრივ თვითმმართველობაში და საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე იმსჯელეს 25 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, რომლებმაც თბილისში გამართული კონფერენციის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ხელშეწყობით.

კონფერენციის მსვლელობაში მუნიციპალიტეტებმა, სადაც უკვე შემუშავდა გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიები- ახალციხე, ბოლნისი, დუშეთი, რუსთავი, ხონი და წყალტუბო - თავისი გამოცდილება გაუზიარეს სხვა ადგილობრივ თვითმმართველობებს.

„ჩვენს რეგიონში საქართველო ერთერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) შეუერთდა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი სახოკიამ. “ასევე, ჩვენ OGP-ის წევრი ქვეყნების იმ მცირე ჯგუფში ვართ, სადაც ღია მმართველობის გეგმით ქვეყანა გასცდა ცენტრალურ დონეს და ღიაობის ფასეულობების დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში დაიწყო”.

„მმართველობის ხარისხის, ღიაობის, მისი ეფექტურობისა და დემოკრატიულობის ამაღლების საკითხებზე მუშაობისას, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ორი რამ. პირველი, რომ ნებისმიერი სიახლე ან რეფორმა მოსახლეობის ინტერესებს უნდა პასუხობდეს. მეორე - ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ღია მმართველობის პრინციპების რეალურ და საზოგადოებისთვის ხელშესახებ მექანიზმებად ქცევა“, - განაცხადა თბილისის მერმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის პრეზიდენტმა, კახა კალაძემ.

„გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე  დამოკიდებულია, თუ რამდენად გონივრულად და  სამართლიანად გამოიყენება სახელმწიფო რესურსები ადამინების მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით“, - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა. „გვეამაყება, რომ ხელს ვუწყობთ საქართველოს მუნიციპალიტეტებს გამოავლინონ გამჭვირვალობის თვალსაზრისით არსებული ხარვეზები, შეაფასონ კორუფციული რისკები და ამ გამოწვევების გადაწყვეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაუმჯობესების ეფექტიან გზებს მიაგნონ. დარწმუნებული ვარ, იმ მუნიციპალიტეტების გამოცდილება, რომელსაც დღეს განვიხილავთ, სხვა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მაგალითი გახდება“.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.

მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა იმ უფრო მრავალმხრივი დახმარების ნაწილია, რომელსაც  გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უწევს საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესასრულებლად. ბოლნისის, დუშეთის, რუსთავის, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში შემუშავებული ანტი-კორუფციული სტრატეგიები ეყრდნობა UNDP-ის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოს კორუფციისგან თავისუფალი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის (Guide to Corruption-Free Local Government). მუნიციპალური ანტი-კორუფციული სტრატეგიების მიღება 2019 წლის ბოლოს იგეგმება, ხოლო შემდეგ ეს პრაქტიკა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაინერგება. 

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აქტიურად უჭერს მხარს ღია მმართველობის პრინციპების დანერგვას ყველა დონეზე. სხვადასხვა წლებში ეს დახმარება მოიცავდა პარლამენტთან და ევროკავშირთან თანამშრომლობას საკანონმდებლო ღიაობის განვითარების მიმართულებით და UNDP-ის აქტიურ მონაწილეობას ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალურ სამიტში, რომელსაც საქართველომ 2018 წელს უმასპინძლა. 

საკონტაქტო ინფორმაცია: