მთის საერთაშორისო დღე საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებელთა სიმტკიცეს ეძღვნება

#მთამთავარია - მაღალმთიანი რეგიონების გამოწვევები და პერსპექტივები

11 December 2019

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

საქართველოს მაღალმთა რესურსების უძვირფასესი წყაროა, თუმცა მოსახლეობის გადინებასა და არასაკმარის განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით მას მიზნობრივი ინვესტიციები და ხელშეწყობა სჭირდება. ასეთი იყო მთის საერთაშორისო დღის მთავარი თემა, #მთამთავარია, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით დღეს თბილისში გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირი (EU) და ავსტრიის, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობები.

წელს მთის საერთაშორისო დღე მაღალმთის მაცხოვრებლებს და ქვეყნის ეკონომიკაში, გარემოს დაცვასა და კულტურაში მათ მიერ შეტანილ წვლილს მიეძღვნა.

“დღევანდელი ღონისძიებით კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ მთაში მცხოვრები ადამიანების უდიდეს ღვაწლს ჩვენი ქვეყნის კულტურისა და უნიკალური ბუნების შენარჩუნებაში“, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა. „საქართველოს დასახლებების თითქმის ნახევარი მთიან რეგიონებშია, თუმცა მაღალმთაში მოსახლეობის მხოლოდ 9 პროცენტი ცხოვრობს. მთის ყველა მაცხოვრებლისთვის მდგრადი და საიმედო მომავლის უზრუნველსაყოფად უცილებელია სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება“.

მთის  საერთაშორისო დღის ფარგლებში ჯილდო „მთის შვილი“ ცხრა ოჯახს გადაეცა, რომლებიც მაღალმთიან დასახლებებს მთელი წლის მანძილზე არ ტოვებენ და მთის დაცარიელებას საკუთარი მაგალითით ებრძვიან. ჯილდოები ასევე გადაეცა ცნობილ ქართველ პოეტს, ბესიკ ხარანაულს, და ფოტოგრაფს, ნათელა გრიგალაშვილს, რომელთა შემოქმედებას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მთის პოპულარიზაციის საქმეში.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაჯილდოებას დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები შეუერთდნენ. UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა ჯილდო რაჭის შორეულ სოფელში მცხოვრებ გაბეჯიშვილების ოჯახს გადასცა.

„საქართველოს მთა ქვეყნის არსია“, - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა. „მაგრამ მთის მიმართ არა მხოლოდ რომანტიული, არამედ რეალობასთან შეჯერებული მიდგომა ასევე მნიშვნელოვანია. მთის მაცხოვრებლები მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე დგანან, რომელთა შორისაა სიღარიბე და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მეტეოროლოგიური მოვლენები. მივესალმებით მთის პრობლემების გარშემო ჩამოყალიბებულ ეროვნულ და საერთაშორისო თანამშრომლობას, რომელიც მთის შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურება.“

2016 წელს საქართველომ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი მიიღო, რამაც მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას ჩაუყარა საფუძველი. 2019 წელს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანი დასახელებების განვითარების შესახებ პირველი ოთხწლიანი სტრატეგია დაამტკიცა. მაღალმთაში ეკონომიკური განვითარების, სოციალური პირობებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად სტრატეგიის ფარგლებში 700 მილიონი ლარია გამოყოფილი, ხოლო მისი განხორციელების შედეგებით 300 ათასზე მეტი ადამიანი ისარგებლებს.

2016 წლიდან დღემდე მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1,730 დასახლებას მიენიჭა და მთიან რეგიონებში ადგილობრივი წარმოების, განახლებადი ენერგიის, ნარჩენების მართვისა და ეკოტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტები განხორციელდა, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP საქართველო, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org
  • ქეთი დოლიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, 577 467117, dolidzekatie@gmail.com