საქართველო ადამიანის მაღალი განვითარების ჯგუფში შედის, თუმცა უთანასწორობის გამო მიღწეული პროგრესის 12 პროცენტს კარგავს

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამოაქვეყნა ადამიანის განვითარების (Human Development) 2019 წლის ანგარიში: „შემოსავლების მიღმა, საშუალოების მიღმა, დღევანდელობის მიღმა: ადამიანის განვითარების უთანასწორობა 21-ე საუკუნეში“

9 December 2019

საქართველო 70-ე ადგილს იკავებს 189 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის, რომელთა ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI) შევიდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დღეს გამოქვეყნებულ 2019 წლის ადამიანის განვითარების ანგარიშში (HDR).  

ანგარიშის მიხედვით, ადამიანების კეთილდღეობა კომპლექსურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომლებიც ფულის გარდა, სხვა მაჩვენებლებსაც მოიცავს. ამის გათვალისწინებით, ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI) ჯანმრთელობასთან, განათლებასთან და შემოსავლებთან დაკავშირებულ მონაცემებს აერთიანებს. წლევანდელ ინდექსში, რომელიც 2018 წლის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველო უსწრებს სომხეთს (81-ე პოზიცია), აზერბაიჯანსა (87-ე პოზიცია) და უკრაინას (88-ე პოზიცია), მაგრამ ჩამორჩება რუსეთის ფედერაციას (49-ე პოზიცია), ბელარუსს (50-ე პოზიცია) და თურქეთს (59-ე პოზიცია).

საქართველოს ადამიანის განვითარების ინდექსის (HDI) მაჩვენებელი 0.786-ია, რაც ადამიანის განვითარების მაღალ დონეს შეესაბამება. 2000-2018 წლებში საქართველოს HDI მაჩვენებელი 0.669-დან 0.786-მდე გაიზარდა, რაც 17.5%-იან ზრდაზე მიუთითებს. სიცოცხლის ხანგრძლივობა 3.2 წლით გაიზარდა, სასკოლო განათლების საშუალო ხანგრძლივობა 1.1 წლით, ხოლო სასკოლო განათლების  მოსალოდნელი ხანგრძლივობა კი 3.0 წლით. 1990-2018 წლებში საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი, GNI, ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 19.8%-ით გაიზარდა.

ამ თვალსაჩინო პროგრესის მიუხედავად, უთანასწორობის გათვალისწინებით დაკორექტირებული HDI მაჩვენებელი საგრძნობლად მცირდება. საქართველოს შემთხვევაში ეს კლება 12%-ია, რაც მის HDI მაჩვენებელს 0.692-მდე ამცირებს.

„უთანასწორობა აკნინებს საქართველოს მიღწევებს მოქალაქეთა ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესების თვალსაზრისით“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა, UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში. „ადამიანის განვითარების წლევანდელი ანგარიში მოუწოდებს ქვეყნებს, შეიმუშავონ და მიიღონ ისეთი პოლიტიკა, რომელიც  არსებული არათანაბრობის შემცირებას უზრუნველყოფს, იქნება ეს ქალებსა და კაცებს, ქალაქსა და სოფელს, თუ მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უთანასწორობა“.

შემოსავლების მიღმა, საშუალოების მიღმა, დღევანდელობის მიღმა

უთანასწორობა ადამიანის განვითარების წლევანდელი ანგარიშის (HDR) გამჭოლი თემაა. ამ გლობალური ანგარიშის იხედვით, სიღარიბის, შიმშილისა და ავადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული უპრეცედენტო პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს ბევრი საზოგადოება კვლავ სათანადოდ არ ფუნქციონირებს.

„ადამიანები ქუჩაში სხვადასხვა მიზეზის გამო გამოდიან, იქნება ეს მატარებლის ბილეთის ფასი, ბენზინის ფასი, პოლიტიკური თავისუფლების მოთხოვნა, თუ სამართლიანობისა  და სამართლისკენ სწრაფვა. ეს უთანასწორობის ახალი სახეა, თუმცა, ადამიანის განვითარების ანგარიშის მიხედვით, უთანასწორობიდან გამოსავალიც არსებობს“, - აცხადებს გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორი, აჰიმ შტაინერი.

ადამიანის განვითარების 2019 წლის ანგარიში სახელწოდებით: „შემოსავლების მიღმა, საშუალოების მიღმა, დღევანდელობის მიღმა: ადამიანის განვითარების უთანასწორობა 21-ე საუკუნეში“ აღნიშნავს, რომ ცხოვრების მინიმალურ სტანდარტებს შორის არსებულ განსხვავება მთელს მსოფლიოში მცირდება, რაც უცილობლად იწვევს პირადი წარმატების მიღწევის აუცილებლობის ზრდას.

ანგარიშის მიხედვით, უთანასწორობის ახალი ტალღა როგორც განათლებას, ასევე თანამედროვეობის ორ ტექტონიკურ ძვრას უკავშირდება - ტექნოლოგიების განვითარებასა და კლიმატის ცვლილებას. იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო მათ სათანადო ყურადღებას არ მიაქცევს, ამ ორმა ფაქტორმა შესაძლოა ისეთი პროცესი გამოიწვიოს, რომლის მსგავსი ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ არ მომხდარა, ანუ ახალი „დიდი დაცილებისთვის“ შექმნას საფუძველი.

ევროპისა და ცენტრალური აზიის საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების განვითარების შეფასებისას ანგარიში მიუთითებს, რომ აქ ცხოვრების სტანდარტი საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა უთანასწორობის შემცირების მცდელობა კვლავ შეფერხებულია, რაც კლიმატის ცვლილებასა და ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირდება.

ასე მაგალითად, რეგიონის ენერგორესურსების თითქმის 90% წიაღისეულ საწვავზე მოდის, ხოლო ნიადაგის თითქმის 30% დეგრადირებულია. კვლევებზე და განვითარებაზე დახარჯული თანხების მიხედვით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონს მსოფლიოში საშუალო ადგილი უჭირავს, მაგრამ მაღალი და დაბალი კვალიფიკაციის მუშახელის თანაფარდობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნების მაჩვენებლის მხოლოდ ნახევარს შეადგენს. ეს განსხვავება შეიძლება გამძაფრდეს უფრო მდიდარ ქვეყნებში ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად.

ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ადამიანის განვითარების 2019 წლის ანგარიშში აღწერილია ის შესაძლო პოლიტიკური ზომები და ნაბიჯები, რომლებმაც უთანასწორობის აღმოფხვრა უნდა უზრუნველყონ. მათ შორისაა გრძელვადიანი ინვესტიციები ადამიანების პროდუქტიულობასა და სოციალურ დაცვაში, რომლებიც ადრეული ბავშვობის ასაკში უნდა დაიწყოს და მთელი სიცოცხლის მანძილზე გაგრძელდეს; საერთაშორისო დაბეგვრასა და სახელმწიფო დანახარჯებთან დაკავშირებული რეფორმები;  სისტემური ზომები გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად პოლიტიკაში, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; და ასევე ის პოლიტიკური ზომები, რომელთა გატარება აუცილებელია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კრიზისის გათვალისწინებით.

ადამიანის განვითარების გლობალური ინდექსი (HDI)

2019 წლის ადამიანის განვითარების ანგარიშში ნაჩვენებია, რომ 1990 წლის შემდეგ ადამიანის განვითარების ინდექსის (HDI) მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ბევრი ქვეყანა ადამიანის განვითარების უფრო მაღალ კატეგორიაში გადავიდა: 1990 და 2018 წლებს შორის 12-დან 62-მდე გაიზარდა ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების რიცხვი, ხოლო ადამიანის განვითარების დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების რიცხვი 62-დან 36-მდე შემცირდა.

ადამიანის განვითარების ინდექსის (HDI) პირველ ხუთეულში შემდეგი ქვეყნები შედიან: ნორვეგია (0.954), შვეიცარია (0.946), ირლანდია (0.942), გერმანია (0.939) და ჰონგ კონგი (0.939). ყველაზე დაბალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნებია: ბურუნდი (0.423), სამხრეთ სუდანი (0.413), ჩადი (0.401), ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (0.381) და ნიგერი (0.377).

უთანასწორობა, ანუ ადამიანის განვითარების მიღწევების არათანაბარი გადანაწილება ქვეყნის შიგნით განათლების, ჯანმრთელობისა და ცხოვრების დონის მიხედვით, კვლავ პრობლემაა და საყოველთაო ადამიანის განვითარებას აფერხებს. უთანასწორობის გათვალისწინებით კორექტირებული HDI (IHDI) აჩვენებს, რომ, უთანასწორობის შედეგად 2018 წელს მსოფლიომ ადამიანის განვითარების მიღწევების 20% დაკარგა.

გენდერული უთანასწორობის ინდექსის მიხედვით, ქალებსა და კაცებს შორის მსოფლიოში არსებული უთანასწორობა თანდათან მცირდება, თუმცა საკმაოდ ნელა. მცირე პროგრესი შეინიშნება საპარლამენტო წარმომადგენლობაში (ქალ პარლამენტართა რიცხვი საშუალოდ 24.1%-ს შეადგენს), მცირდება მოზარდებს შორის მშობიარობის რაოდენობა (42.9 მშობიარობა ყოველ 1000 მოზარდზე), თუმცა არ შეცვლილა ქალებსა და კაცებს შორის ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით არსებული განსხვავება (ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა მონაწილეობა საშუალოს კვლავ 27%-ით დაბალია კაცებთან შედარებით).

საქართველოს გენდერული უთანასწორობის ინდექსი (GII) 0.351-ია, 162 ქვეყნიდან საქართველო 75-ე ადგილზეა. ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში 15%-ია. ზრდასრული ქალების 97.4%-ს სულ მცირე საშუალო განათლება აქვს მიღებული. კაცების შესაბამისი მაჩვენელი 98.6%-ია. ყოველი 100,000 ახალშობილზე მოდის 36 ქალის სიკვდილიანობა ორსულობასთან დაკავშირებული მიზეზით. 15-19 წლის ასაკის ყოველი 1000 ქალიდან 46.4 მოზარდობისას აჩენს ბავშვს. შრომის ბაზარზე ქალების მონაწილეობა 57.8%-ია, ხოლო კაცების 78.7%.

###  ###  ###

ვიდეო მიმართვები ადამიანის განვითარების 2019 წლის ანგარიშის შესახებ ჩამოტვირთეთ ამ ბმულიდან:

https://www.dropbox.com/sh/vl0qjm3g1nvcg4k/AABXqgDA86UkT9MLTjURmGE4a?dl=0  

საკონტაქტო ინფორმაცია მედიისთვის:

  • ვაშინგტონი: ნიკოლა დულე; nicolas.douillet@undp.org; +1 202 378 7468
  • ნიუ იორკი: ადამ კატრო; adam.cathro@undp.org; +1 212 906 5326 და ანა ორტუბია; anna.ortubia@undp.org; +1 212 906 5964
  • ჟენევა: სარა ბელი; sarah.bel@undp.org; +41 799 341 117
  • ბრიუსელი: ლუდმილა ტიგანუ, ludmila.tiganu@undp.org, +32 221 38296

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საზოგადოების ყველა ფენასთან თანამშრომლობს და ხელს უწყობს კრიზისისადმი მდგრადი ერების ჩამოყალიბებას და ცხოვრების დონის გაზრდას ყველგან და ყველასთვის. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 177 ქვეყანასა და ტერიტორიაზე საქმიანობს. ჩვენი დახმარება გლობალური პერსპექტივის გათვალისწინებას და ადგილობრივი ვითარების ცოდნას ეყრდნობა.