არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები იწყებენ 18 ახალ გარემოსდაცვით პროექტს საქართველოს რეგიონებში

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ახალი მწვანე ინიციატივების წარდგენა

24 September 2019

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

არასამთავრო და სათემო ორგანიზაციების 18 ახალი ინიციატივა, რომელიც დღეს საქართველოს რეგიონებში დაიწყო, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც საქართველოს უნიკალური ბუნებრივი გარემოს დაცვის საქმეში, ასევე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. პროექტების დაფინანსება შესაძლებელი გახდა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის მეშვეობით, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

თვრამეტივე პროექტის საერთო ღირებულება 1.1 მილიონი აშშ დოლარია. აქედან, გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ გათვალისწინებული დაფინანსება 500,000 აშშ დოლარს აღწევს, ხოლო მონაწილე ორგანიზაციების მიერ მოზიდული ფულადი და არამონეტარული თანადაფინანსება 600,000 აშშ დოლარია.

ახალი პროექტების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საკვანძო გარემოსდაცვით საკითხებს, რომლებიც უშუალო გავლენას ახდენენ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მათ შორისაა: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ლანდშაფტების კონსერვაცია და ენერგო ეფექტური ტექნოლოგიების შემოღება.

დღეს არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ ლუიზა ვინტონს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელს საქართველოში, და ლევან დავითაშვილს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. 

„ამ კვირაში ნიუ იორკში გაიმართა გაეროს კლიმატის სამიტი, რომლის მსვლელობაში მსოფლიო ლიდერები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, განიხილავდნენ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია სათბური გაზების გაფრქვევის  შემცირებისთვის, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლისთვის და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებისთვის“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა. „ამ გლობალური გეგმის შესრულება შეუძლებელი იქნებოდა ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის გარეშე. მათი იდეები, ენერგია და ადგილობრივი ვითარების ცოდნა უმნიშვნელოვანესი რესურსია იმისთვის, რომ გარემოსდაცვითმა აზროვნებამ საზოგადოების ყველა წევრამდე მიაღწიოს და განვითარების ყველა სფერო მოიცვას“.

„საქართველოს მთავრობა მტკიცედ იცავს კლიმატის ცვლილებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ დღის წესრიგს, რომელიც გაწერილია ჩვენს ეროვნულ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. „საქართველოს მდგრადი და მწვანე მომავლის მშენებლობის გზაზე ვეყრდნობით კონსტრუქტულ თანამშრომლობას ადგილობრივ მოსახლეობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან“.   

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამა საქართველოში 2012 წლიდან ხორციელდება. ამ ხნის მანძილზე 67-ზე მეტი წარმატებული ადგილობრივი პროექტი შესრულდა, ხოლო გაცემული გრანტების ოდენობამ 1.6 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. გარემოსდაცვით საკითხებთან ერთად ადგილობრივი პროექტები ხელს უწყობენ მდგომარეობის გაუმჯობესებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა სიღარიბის შემცირება, გენდერული თანასწორობა და განათლება.

საქართველოში განხორციელებული წარმატებული პროექტების ნუსხაშია კოლხური ხოხბის აღდგენა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, მთის ფერდობების გამაგრება ყაზბეგში, იშვიათი მცენარეების კონსერვაცია კოლხეთის დაბლობზე, ურბანული ეზოების გამწვანება თბილისში, ენერგო ეფექტური ტექნოლოგიების დემონსტრირება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ალპურ საძოვრებზე და მრავალი სხვა.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, +995 599 502619, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge