კაჩაღანის საზოგადოებრივი ცენტრი 20,000 ადამიანს მოემსახურება

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარება ხელს უწყობს სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას სოფლის მოსახლეობისათვის

13 December 2019

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაღანში დღეს ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, რომელიც კაჩაღანისა და მიმდებარე ექვსი სოფლის 20,000-მდე მოსახლეს 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სერვისით მოემსახურება. საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის ოფისი, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ყოველდღიურ ურთიერთობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობას. საზოგადოებრივ ცენტრში ასევე ამოქმედდება საკონფერენციო დარბაზი და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც, ხელმისაწვდომი იქნება როგორც ელექტრონულ, ასევე ბეჭდური გამოცემები.

კაჩაღანის საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), ევროკავშირთან და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებთან თანამშრომლობით აშენდა.

„ვამაყობთ, რომ საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში უკვე 74-ე საზოგადოებრივი ცენტრი გავხსენით“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. „საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით ჩვენი მოქალაქეები სწრაფად და მარტივად  იღებენ 200-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს. საზოგადოებრივ ცენტრებში მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ საბანკო მომსახურებით, ინტერნეტითა და ბიბლიოთეკით, შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, გაიარონ ტრენინგი სხვადასხვა საკითხში და ისარგებლონ  საზოგადოებრივი სივრცით იმ პროექტის განსახორციელებლად, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი თემებისათვის.“

„სერვისებზე  წვდომა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა ადგილობრივი განვითარების საფუძველია“, - აღნიშნა ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ. „მოხარული ვართ, ხელი შევუწყოთ სოფლად საზოგადოებრივი ცენტრების გახსნას, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობა მეტ შესაძლებლობებს მიიღებს, ხოლო ხარისხიანი სერვისები ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ყველა სოფელში“.

„უკეთესი სერვისების მიღების შედეგად ფართოვდება შესაძლებლობები, უმჯობესდება სოციალური გარემო და იზრდება ადამიანების ჩართულობა მმართველობასა და გადაწყვეტილების მიღებაში“, - თქვა ანნა ჩერნიშოვამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ. „ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად,  სადაც ადამიანებს მეტი ინფორმაცია სჭირდებათ თვითმმართველობაში მონაწილეობის გზების შესახებ“.

UNDP-ის, შვეიცარიისა და ავსტრიის ხელშეწყობით, საზოგადოებრივი ცენტრები წელს კაჩაგანში და მაღალმთიანი რაჭის სოფელ ჭრებალოში აშენდა. ჭრებალოს საზოგადოებრივი ცენტრი 2020 წელს გაიხსნება. ორივე ცენტრი 24,000-ზე მეტ მაცხოვრებელს მოემსახურება, ხოლო მათი ინფრასტრუქტურა და სერვისები სრულადა იქნება მორგებული როგორც ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის, ასევე მაღალმთიანი დასახლებებისთვის.

საზოგადოებრივი ცენტრების ხელშეწყობა უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის  სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით ახორციელებს. პროგრამის მიზანია საქართველოს რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა და თვითმმართველობის მიმდინარე რეფორმის მხარდაჭერა.        

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფიო ტორჩინავა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, +995 577 791819,  s.torchinava@sda.gov.ge
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org