აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ერთიანდებიან კლიმატის ცვლილების დასაძლევად

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ რეგიონის ქვეყნებს უფრო აქტიურად ჩაერთონ კლიმატის ცვლილების დაძლევის საქმეში

18 November 2019

კლიმატის ცვლილების შერბილება და მის შედეგებთან ადაპტაცია, კლიმატური პოლიტიკის შექმნა და სათბური აირების გაფრქვევის შემცირება განიხილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის რეგიონულ შეხვედრაზე, რომელიც დღეს თბილისში გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივის, EU4Climate, ფარგლებში.

ორდღიან ღონისძიებას ესწრებიან აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მთავრობების წევრები. შეხვედრის მუშაობაში ასევე ჩართულები არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), ჰოლანდიის სამეფო მეტეოროლოგიური ინსტიტუტისა და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის წარმომადგენლები.

რეგიონული შეხვედრის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ხელშეწყობა პარიზის შეთანხმების შესრულების საქმეში, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აერთიანებს და კლიმატის ცვლილების დასაძლევად მიმართული საერთაშორისო ძალისხმევის საკვანძო დოკუმენტს წარმოადგენს.

„მთელს მსოფლიოში კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის ეკოსისტემებს, ეკონომიკასა და ადამიანებს“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მაია ჯავახიშვილმა. „ჩვენი ქვეყანა მზადაა უფრო აქტიურად ჩაერთოს პარიზის კონვენციის შესრულებაში. საქართველოს მთავრობა უკვე განიხილავს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განახლებისა და სამიზნე მაჩვენებლების გაზრდის შესაძლებლობას. ამის გათვალისწინებით, ჩვენ მივესალმებით ევროკავშირთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას კლიმატის ცვლილების გლობალური გამოწვევის დასაძლევად.“

„ევროკავშირი კლიმატის ცვლილებასთან საერთაშორისო ბრძოლის წინა ხაზზეა“, - აღნიშნა ალექსანდრე დარასმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორი. „მოხარულები ვართ ჩვენი თანამშრომლობით საქართველოსთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის და ამ საკითხებში საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაზრდის მიმართულებით“.

რეგიონული შეხვედრის პირველ დღეს მონაწილეებმა იმსჯელეს თითოეული ქვეყნის ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ წვლილზე (NDC), რომელიც პარიზის შეთანხმების შესრულებას და სათბური აირების გაფრქვევის შემცირებას ემსახურება. ისინი შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებმა უფრო ამბიციური გეგმები უნდა დაისახონ პარიზის შეთანხმების შესრულების გზაზე.

„კლიმატის ცვლილება როგორც გამოწვევა, ასევე შესაძლებლობაა“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა  საქართველოში, ლუიზა ვინტონმა. „ეს ჩვენი შანსია ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებულ წარმოდგენებს გადავხედოთ, მოხმარებაზე ორიენტირებული ცხოვრების წესი შევცვალოთ და გარემოსადმი მეგობრული დასაქმების შესაძლებლობები შევქმნათ, რაც ბუნებრივი რესურსების განადგურების ნაცვლად, მათ შენარჩუნებას წაადგება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლა დაგვეხმარება, უკეთ დავიცვათ თავი კლიმატის ცვლილებისგან და შევქმნათ საფუძველი რეგიონული თანამშრომლობისთვის“.  

თბილისში გამართული ღონისძიება რეგიონული შეხვედრების ნაწილია, რომელიც EU4Climate პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში იმართება. წელს უკვე გაიმართა ორი შეხვედრა მოლდოვაში, სადაც ქვეყნების  წარმომადგენლებმა დაბალემისიური განვითარების სტრატეგიების შექმნაზე და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციაზე იმსჯელეს.

პროგრამა EU4Climate ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივაა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს. EU4Climate ეყრდნობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში წარსულში შესრულებული ერთობლივი ინიციატივების  შედეგებს, როგორიცაა ევროკავშირის მასშტაბური რეგიონული პროგრამა ClimaEast, რომელიც 2013 - 2017 წლებში კლიმატის ცვლილები შერბილებისა და მასთან ადაპტაციის ზომების გატარების მიზნით განხორციელდა. პროგრამის EU4Climate მთლიანი ბიუჯეტი 8.8 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამა 2019 წელს დაიწყო და 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, tamriko.mikadze@eeas.europa.eu