კლიმატისადმი მედეგი მომავალი

სკოლის მოსწავლეები თბილისის განახლებულ ზოოპარკს სტუმრობენ და კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

15 October 2019

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

დღეს თბილისის ზოოპარკი ერთი დღით სასწავლო მოედნად გადაიქცა. ზოოპარკში გამართული ახალგაზრდული ღონისძიების მიზანი იყო კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღის აღნიშვნა და კლიმატისადმი მედეგი ურბანული განვითარების მხარდაჭერა, რომლის შედეგად ადამიანები და ინფრასტრუქტურა უკეთ იქნებიან დაცულები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა უფროსკლასელმა, ასევე საქართველოს მთავრობის, თბილისის მერიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), კატასტროფის რისკის შემცირების პროექტის ფარგლებში, ხოლო პარტნიორები - თბილისის ზოოპარკი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის  სამსახური.

ზოოპარკში გამართულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას 2015 წლის ივნისში თბილისში მომხდარი კატასტროფის დამანგრეველი შედები. ამ ტრაგიკულმა მოვლენამ 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, განადგურებულ ზოოპარკში 300 ცხოველი დაიღუპა, ხოლო პირდაპირმა მატერიალურმა ზარალმა 24.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

თბილისში მომხდარმა კატასტროფამ ნათლად დაანახა როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე მოსახლეობას, რამდენად მწვავეა კლიმატის ცვლილებით  გამოწვეული საფრთხეები. შედეგად საქართველოს მთავრობა შეუდგა ქმედითი მექანიზმების ძიებას ამ  საფრთხეებისგან მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად.

2019 წელს, თბილისის კატასტროფიდან ოთხი წლის შემდეგ, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით, დაიწყო 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზებში განხორციელდება და 1.7 მილიონი ადამიანის - საქართველოს მოსახლეობის 46 პროცენტის - კლიმატური საფრთხეებისგან უკეთ დაცვას უზრუნველყოფს.   

„საქართველო ქმედით ნაბიჯებს დგამს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და პრევენციის მიმართულებით, რამაც შემდგომ რეაგირებაზე დაფუძნებული ტრადიციული მიდგომა უნდა ჩაანაცვლოს“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა  საქართველოში. „განათლება ასეთი ხედვის საკვანძო შემადგენელია. სწორედ განათლება გვაძლევს ცოდნასა და ინსტრუმენტებს, რომელთა გარეშე შეუძლებელია  გლობალური დათბობის საფრთხეების გააზრება და მათზე პასუხის გაცემა“.

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ზოოპარკში გაიმართა საგანმანათლებლო თამაშები და ქვიზები მოზარდებისთვის. სახალისო კონკურსებში მონაწილეობის შედეგად ბავშვებმა უკეთ გაიგეს, თუ რა  გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება როგორც საქართველოზე, ასევე ჩვენს პლანეტაზე.

კონკურსებში გამარჯვებულებს პრიზები გადასცეს UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ მარიამ მათიაშვილმა .   

დღის დასასრულს მონაწილეები ესტუმრნენ ბეჰემოთ ბეგლარს, რომელიც თბილისელებისთვის წყალდიდობისგან გადარჩენის სიმბოლოა და საყოველთაო სიყვარულით სარგებლობს. 

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • ირა სულავა, UNDP საქართველო, +995 599 579105, irine.sulava@undp.org
  • მზია შარაშიძე, თბილისის ზოოპარკი, +995 333572, pr@zoo.ge