UNDP-ის კონკურსი ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას ადგილობრივ ურბანულ განვითარებაში

საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში საუკეთესო ახალგაზრდული პროექტები გამოვლინდა

2 December 2019

ფოტოს ავტორი: ვლადიმირ ვალიშვილი/UNDP

სპორტული მოედნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინოვაციური გაჩერებები, გასართობი სათავგადასავლო პარკი, ახალი ბულვარი და თანამედროვე ტურისტული ცენტრი. ყველა ეს იდეა, რომელიც მუნიციპალიტეტებში საჯარო სივრცის მოწყობასა და ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება, ახალგაზრდებს ეკუთვნით. ხუთი საუკეთესო ახალგაზრდული პროექტი გამოვლინდა კონკურსის შედეგად, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დანიის მთავრობის ხელშეწყობით ჩატარდა. სულ კონკურსში ხუთი მუნიციპალიტეტის თხუთმეტმა ახალგაზრდულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი დღეს ხუთ გამარჯვებულ გუნდს შეხვდნენ და წარმატება მიულოცეს.

„საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდები ხშირად საკუთარ ადგილს ვერ პოულობენ, რაც იწვევს მათ მიგრაციას თბილისში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა. „,მდგომარეობის გამოსასწორებლად ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღებაში, მათ შორის მუნიციპალური ინვესტიციების საკითხებში“.

„ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე და დონეზე”, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა. „ახალგაზრდული კონკურსის ყველა მონაწილე მჭიდროდ თანამშრომლობდა ადგილობრივ თვითმმართველობასთან და მოსახლეობასთან. ეს კარგი საშუალებაა ახალგაზრდების გააქტიურებისათვის, მათი საჭიროებების გამოვლენისთვის და გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებაში ჩართვისთვის.“

ახალგაზრდული კონკურსი საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში - გარდაბანში, სურამში, ცაგერში, ტყიბულსა და ჭიათურაში, 2019 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში  ჩატარდა. ხუთი საუკეთესო ინიციატივა საყოველთაო კენჭისყრის წესით გამოვლინდა, რაშიც 2,300 მოქალაქე ჩაერთო. კონკურსის ფარგლებში ასევე გაიმართა ტრენინგი, რომლის მსვლელობისას ახალგაზრდებმა ადგილობრივი ინიციატივების შემუშავება, წარდგენა და ადვოკატირება ისწავლეს. კონკურსი ჩაატარა  ჩეხურმა ორგანიზაციამ „AGORA Central Europe“.

მომავალ წელს  კონკურსში გამარჯვებულები ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან, სადაც თანატოლებს შეხვდებიან და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებაში ახალგაზრდების მონაწილეობის წარმატებულ მაგალითებს გაეცნობიან.

ახალგაზრდული იდეების კონკურსი გაიმართა UNDP-ის უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მმართველობის დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი თვით-მმართველობის გაუმჯობესებას ემსახურება. 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება საქართველოს სამ რეგიონში - ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში, დანიისა და საქართველოს მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ირინა ცინცაძე, AGORA CE, +995 577 285055, kiraidatsintsadze@gmail.com
  • ნინო გეგეშიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, +995 599 184747, n.gegeshidze@mrdi.gov.ge
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org